27 ნოემბერი 2024,   22:38
ვრცლად
დღეს საბჭოთა ოკუპაციის დღეა - რუსული აგრესიის ახალი ტალღა სიმბოლურად ისტორიულ თარიღს ემთხვევა

1921 წლის თებერვალი, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლებში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას, პატივი პრემიერ-მინისტრმა მიაგო. ირაკლი ღარიბაშვილმა მემორიალი გვირგვინით თავდაცვის მინისტრთან ერთად შეამკო. ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, იუნკერების ძველ უნიფორმებში გამოწყობილმა გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტებმა კი, პირველი რესპუბლიკისა და სახელმწიფო დროშებით მარშირება მოაწყვეს. გაჟღერდა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო მარში.

კოჯორში, იუნკერთა მემორიალთან დილითვე მივიდა პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილმა იუნკერთა გმირობაზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს ბრძოლა არ დასრულდება, ვიდრე ჩვენი ქვეყნის ნაწილი ოკუპირებულია.

საბჭოთა რუსეთის წითელ არმიასთან ბრძოლაში დაღუპული იუნკერების ხსოვნას, პატივი მიაგეს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმაც.

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა. 101 წლის წინ თბილისი საბჭოთა ჯარებმა დაიკავეს. დედაქალაქზე შეტევამდე, რუსეთის მე-11 არმიას ქართული ჯარი, სახალხო გვარდია და მოხალისეები თბილისის მისადგომებთან უწევდნენ წინააღმდეგობას. ძირითადი ბრძოლები კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა. იუნკერების სამაგალითო გმირობის მიუხედავად, რუსულ არმიასთან უთანასწორო ბრძოლაში ყველა მათგანი დაიღუპა.

დღის ამბები