"პუტინს სურს საბჭოთა კავშირის აღდგენა" - ეს არის კიდევ ერთი მთავარი ფრაზა, რომელიც წუხელ ჯო ბაიდენმა თქვა, სწორედ ამიტომ პირველად თავის ისტორიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის გეგმას ააქტიურებს.
რაც იმას ნიშნავს, რომ საფრთხის შემთხვევაში NATO მთელ ძალებს პოლონეთის, ბალტისფირეთის და ალიანსში შემავალი ყოფილი საბჭოთა გავლენის ქვეყნებისკენ გადაისვრის.
მას შემდეგ, რაც ომმა კიევშიც ჩააღწია - დასავლელი ლიდერები ვარაუდებში დარწმუნდნენ. როდესაც პუტინი დონბასზე საუბრობდა, მთელს უკრაინას გულისხმობდა. იმ ისტორიის ფონზე კი, რაც ევროპას გაუვლია დასავლეთში ვერ იჯერებენ,რომ პუტინი საღ გონებაზე იყო, როდესაც გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა ნანახის დაჯერება მოუწიათ, მათ შორის მაკრონსაც, რომელმაც ზელენსკის თხოვნით რუს კოლეგას კიდევ ერთხელ დაურეკა და სასიკეთო ვერაფერი მოისმინა.
"ნარცისიზმი" და " ეგო" - ამით ხსნიან რუსეთის პრეზიდენტის მიდგომებს დემოკრატიულ სამყაროში. მიუხედავად ძალისხმევისა, ბრიტანული თავდაცვა იუწყება, რომ მოსკოვს უკრაინაზე თავდასხმის მეორე დღე ჩაუვარდა. რადგან აეროპორტები უკრაინელებმა დაიბრუნეს და მამაცად იბრძვიან. მათ სიძლიერეზე დასავლეთი იზრუნებს. პრობლემა არც ფულია და არც შეიარაღება, მითუმეტეს ლონდონისთვის.
ამერიკას იმედი აქვს,რომ მის მიერ დაწესებული სანქციები რუსეთს მალე დაარტყამს და უკან დაახევინებს. მანამდე აღმოსავლეთ ფლანგს აძლიერებს და უკრაინას ყველანაირ დახმარებას ჰპირდება. თუმცა კიევი იმედგაცრუებას ვერ მალავს,რადგან ვერ იგებს რას ელოდება დასავლური ალიანსი დამრტყმელ ძალაზე გადასვლისთვის.
ამასობაში ლავროვი მხოლოდ მათ მიერ აღიარებული სეპარატისტული რეჟიმების ე.წ. ხელმძღვანელობას შეხვდა. მათ საკუთარ უწყებაში უმასპინძლა. სტუმრებს ასე აუხსნა,რომ აგრესორის წინააღმდეგ მათი დახმარების თხოვნას გულგრილად ვერ დატოვებდა და სწორედ ამიტომ წამოიწყო პუტინმა სპეცოპერაცია. უკრაინის დემილილიტარიზაცია და დენაციფიკაცია - ამ სიტყვებს იმეორებდა მთელი დღე ლავროვი, როდესაც კრემლის მიზნებზე საუბრობდა უკრაინაში.