დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა.
Sky News-ის ცნობით, ამის შესახებ მან თემთა პალატისადმი მიმართვისას განაცხადა.
ჯონსონმა თქვა, რომ დიდი ბრიტანეთი ყველაფერს გააკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად.
"ვლადიმერ პუტინის ამაზრზენი და ბარბაროსული ქმედება მარცხით უნდა დასრულდეს," - განაცხადა მან.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ აამოქმედებს ისეთ სანქციებს როგორიცაა:
- ყველა ძირითადი რუსული ბანკის აქტივების გაყინვა. ვითიბი-ს აქტივების დაუყოვნებლივ გაყინვა, რომლის აქტივები 154 მილიარდ ფუნტს შეადგენს.
- მომავალ კვირას ის მიიღებს კანონს, რომელიც უკრძალავს ყველა რუსულ კომპანიას დიდი ბრიტანეთის ბაზრებზე სახსრების მოზიდვას.
- ის სანქციებს დაუწესებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებსა და შვილობილ კომპანიებს, რომლებიც რუსეთის უმსხვილესი თავდაცვის კომპანია Ростех-ს შემადგენლობაში შედიან.
- შეუზღუდავს "გარკვეულ თვითმფრინავებს" დიდ ბრიტანეთში დაშვების შესაძლებლობას. ბორის ჯონსონის განცხადებით, რუსულ ავიაკომპანია Aeroflot-ს დიდ ბრიტანეთში ოპერირება აეკრძალება.
-.დაუყოვნებლივ შეაჩერებს რუსეთში ექსპორტის ლიცენზიების გამოყენებას - მაგალითად, ელექტრო კომპონენტების ან სამხედრო სატვირთო მანქანების ნაწილებისთვის.
- რამდენიმე დღეში მიიღებს კანონს, რომელიც კრძალავს რუსეთში მაღალი ტექნოლოგიების ფართო სპექტრის ექსპორტს.
- ის შეზღუდავს დეპოზიტების რაოდენობას, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ შეინახონ დიდ ბრიტანეთში საბანკო ანგარიშებზე.
- იმუშავებს G7-თან და ნატოს მოკავშირეებთან, რათა დახუროს რუსეთის წვდომა SWIFT-ის გადახდის სისტემაზე.
- შემზღუდავი ზომების სრული პაკეტი გავრცელდება ბელარუსზეც.
- შეიმუშავებს კანონპროექტს ეკონომიკური დანაშაულების შესახებ, რომელიც მიიღებს ზომებს რუსების წინააღმდეგ, რომლებიც ქონებას დიდ ბრიტანეთში ინახავენ
ბორის ჯონსონის თქმით, რუსეთი სახელმწიფოებს შორის ცივილიზებული ქცევის ყველა პრინციპს არღვევს და ის ვერასოდეს შეძლებს უკრაინის სისხლი ჩამოირეცხოს.
"მე მივდივარ დასკვნამდე, რომ პუტინს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა მეზობელზე თავდასხმა, ჩვენ რაც არ უნდა მოგვემოქმედებინა,"- განაცხადა ჯონსონმა. მან პუტინს "იმპერიული დაპყრობების რწმენის მქონე სისხლიანი აგრესორი" უწოდა.