27 ნოემბერი 2024,   22:55
ვრცლად
პოლიციის რეფორმის ფარგლებში მართლწესრიგის ინსტიტუტი ამოქმედდა

პოლიციის რეფორმის ფარგლებში, მართლწესრიგის ინსტიტუტი ამოქმედდა. 50 მართლწესრიგის ოფიცერი გლდანი-ნაძალადევის მთავარ სამმართველოში დაგეგმილზე ადრე შეუდგა მუშაობას. ინიციატივა მიზნად ისახავს  პოლიციის პრევენციული საქმიანობის გაძლიერებას.

მართლწესრიგის ოფიცრის კომპეტენცია მოიცავს ისეთი მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: არასრულწლოვნებთან, ოჯახში ძალადობასთან, სამეზობლო დავებთან, უკანონო მიგრაციასთან, მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე რეაგირება. მართლწესრიგის ოფიცრების ფუნქცია-მოვალეობებში ასევე შედის: დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია და პირველადი დამუშავება; ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეთა წარმოება; შესწრებულ დანაშაულზე რეაგირება.

მართლწესრიგის ოფიცრების შერჩევა ხდება კონკურსის წესით. კონკურსის შედეგად შერჩეული პირები შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში რამდენიმეთვიან ინტენსიურ პროფესიულ სწავლებას გადიან და სასწავლო კურსის გავლის შემდეგ იწყებენ მუშაობას.

სულ, თბილისის ყველა რაიონში, 365 მართლწესრიგის ოფიცერი იმუშავებს. მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო კონცეფციის სრულყოფილად დანერგვისათვის იგეგმება მართლწესრიგის ოფიცერთა რაოდენობის ეტაპობრივად გაზრდა და ყველა მსხვილი ქალაქში ამოქმედება.

ახლად დანიშნულ მართლწესრიგის ოფიცრებს პირველი სამუშაო დღის დაწყება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ და უწყების თანამშრომლებმა მიულოცეს.

დღის ამბები