27 ნოემბერი 2024,   22:54
ვრცლად
რა ხდება უკრაინის საზღვრებთან და სადაა განლაგებული სამხედრო ტექნიკა ყველაზე დიდი რაოდენობით

ბოლო 6 დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების მონაცემებით, მინსკის შეთანხმება და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 166-ჯერ დაირღვა, სწორედ ამდენჯერ გახსნეს ცეცხლი პრორუსი სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან დასახლებული პუნქტების მიმართულებით, საარტილერიო დაბომბვების შედეგად დაზიანდა 63 საცხოვრებელი სახლი, დაინგრა 4 სასწავლო დაწესებულება, დაიღუპა ერთი სამოქალაქო პირი, სამი კი დაიჭრა, ასევე გუშინ, ღამით, დაიღუპა ორი უკრაინელი სამხედრო.

"კურიერმა" უკრაინელი სამხედრო მიმომხილველების მიერ გავრცელებული ცნობების მიხედვით შეკრიბა ინფორმაცია, რომელიც უკრაინის საზღვრებთან არსებულ სიტუაცია ასახავს.

ყირიმი - აქ თითქოსდა რუსეთმა გაიყვანა წვრთნებისთვის ჩამოყვანილი 136-ე მოტომსროლელი ბრიგადა, თუმცა რეალურად ამის დამადასტურებელი მასალა გარდა რამდენიმე ვიდეოკადრისა არ არსებობს. აღსანიშნავია, რომ ეს კონკრეტული ბრიგადა არის დაღესტნიდან ჩამოყვანილი, ვინც ეცნობა სამხედრო თემატიკას, კარგად იცის, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთს ერთ-ერთი ყველაზე ბრძოლისუნარიანი და გამოცდილი სამხედროები ჰყავს განლაგებული.

ყირიმი საინტერესოა იმითაც, რომ აქ არის რუსეთის სამხედრო ფლოტი, რომელიც ომის შემთხვევაში დარტყმას დიდი ალბათობით საპორტო ქალაქ მარიუპოლზე განახორციელებს რათა სახმელეთო გზა გაჭრას.

ყველაზე დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა ყირიმის შემდეგ მოსკოვს განლაგებული ჰყავს უკრაინის საზღვრიდან 20 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბელგოროდის მიმდებარე სოფლებში, აქ გაშლილია საველე კარვებიც და მათი დარტყმის მთავარ ობიექტად განიხილავენ სწორედ ქალაქ ხარკოვს.

ბელგოროდიდან ოდნავ მოშორებით მდებარე ქალაქ კურსკში, ცოტა ხნის წინ, რუსეთმა განათავსა რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის პოლკი რომლის შეიარაღებაშია მძიმე ცეცხლსატყორცნი სისტემები სოლნცეპეკი, უკრაინელი ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ამ ნაწილმა უკვე დაიწყო გადაადგილება უკრაინის საზღვრისკენ. ამ სისტემას ჯერ კიდევ საბჭოთა არმია იყენებდა ავღანეთის ომის დროს და მისი გამოყენების შედეგად ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე განადგურდა.

ასევე, ერთი კვირის წინ, უკრაინის საზღვრისკენ დაიძრა 432 -ე მოტომსროლელი პოლკი და 4 სატანკო დივიზია.

საბოლოო ჯამში შესაძლებელია იმის თქმა, რომ უკრაინის საზღვართან 150 ათას სამხედროზე მეტია მობილიზებული, ამას ემატება ის 30 ათასი სეპარატისტი მებრძოლი, რომელიც თვითაღიარებულ რესპუბლიკებშია განლაგებული.

ამას ემატება რუსული არმიის ნაწილები ბელარუსში და არაღიარებულ დნესტრისპირეთში.

ბოლო ცნობით კი, რომელსაც უკრაინის თავდაცვის უწყება ავრცელებს, ბოლო 24 საათის განმავლობაში თვითაღიარებულ რესპუბლიკებში რუსმა სამხედროებმა 134 ერთეული სხვადასხვა ტიპის სამხედრო ტექნიკა შეიყვანეს, მათ შორის არის საარტილერიო დანადგარები, ტანკები და ჯავშანმანქანები.

დღის ამბები