27 ნოემბერი 2024,   22:40
ვრცლად
სანქციები, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესდა, უფრო სიმბოლურია, ვიდრე სერიოზული - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მიერ დონეციკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით დაწესებულ სანქციებს გამოეხმაურა. 

პრეზიდენტის განცხადებით, "არის მთელი რიგი სანქციებისა, რომელიც რეზულტატს გამოიღებს, არსებობს გამოცდილება დასავლეთის ქვეყნებში, როდესაც სანქციები დაწესდა და მან მოიტანა შედეგი."

მისი თქმით, სანქციები ამ ეტაპზე სიმბოლურია, თუმცა მომავალში შეიძლება, გაცილებით მეტი სანქცია დაწესდეს.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, დემოკრატიული ქვეყნისთვის სანქციების მექანიზმი მნიშვნელოვანია.

"დღეს რაც ხდება სანქციების კუთხით, ჩემი მოსაზრება არ განსხვავდება იმ სულისკვეთებისგან, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობას გააჩნია. როდესაც დემოკრატიული ქვეყანა ხარ და არ პასუხობ აგრესიას, ეს შეიძლება, ვიღაცამ აღიქვას დემოკრატიის სისუსტედ, მაგრამ ასე მუშაობს დემოკრატია. როდესაც დიდია სხვაობა დემოკრატიასა და დიქტატურას შორის, დემოკრატიას აშინებს ადამიანთა სიცოცხლე და სწორედ ეს იქცევა შემდეგ სისუსტის საგნად. რეაგირება რა თქმა უნდა სანქციებით ხდება. მიმაჩნია, რომ ის სანქციები, რომელიც დაწესდა უფრო სიმბოლურია, ვიდრე სერიოზული, რადგან არ ვარ დარწმუნებული, რომ ამერიკელი ინვესტორები ჩავიდოდნენ ამ ორ რეგიონში, ლუგანსკში არ ჩადებდნენ ფულს, მაგრამ ეს არის სიგნალი იმისა, რაც მოხდება მომავალში. ეს სანქციები ცოტათი ბუნებრივია განსხვავებული სახითაც იქნება დაწესებული, იმისგან განსხვავებული, რაც გვინახავს ადრე. თუ რამე უნდა ვისწავლოთ წარსულიდან – 2008 წელს საქართველოში შემოსვლისა და 2014 წელს უკრაინაში შესვლის საფუძველზე არის ის, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ იყენებდნენ ყველა იმ შესაძლებლობას, რომელიც მათ გააჩნდათ იმ ეტაპზე. ამის ფასი რუსეთს არ ჰქონდა გადახდილი სრულად, ვერ მოხდა მისი შეკავება, სწორედ ამიტომ გვაქვს ეს გამოწვევა დღეს," - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, სანქციებს შედეგი აქვს და ამის გამოცდილება დასავლეთს გააჩნია.

„ომის გარეშე რა შეიძლება, გაკეთდეს იმისთვის, რომ რუსეთს შევაგნებინოთ, ეს არის ის მორალური, პოლიტიკური, ფინანსური ფასი, რომელიც ექნება გადასახდელი. მექანიზმები არის სანქციები. მთელი რიგი სანქციებისა არის, რომელიც რეზულტატს გამოიღებს, არსებობს გამოცდილება დასავლეთის ქვეყნებში, როდესაც სანქციები დაწესდა და მან მოიტანა შედეგი. ბევრმა იფიქრა რომ გერმანია არ გადადგამდა ამ ნაბიჯს, მაგრამ გერმანია აქაც ძალიან სიმბოლური იყო. ყველამ დავინახეთ, რამდენად სიმბოლური სანქციები დაწესდა,"- განაცხადა ზურაბიშვილმა.

დღის ამბები