მსოფლიო ბოლო ათწლეულების ყველაზე სერიოზული კონფლიქტისა და დაპირისპირების ზღვარზეა.
კრემლის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის "დე იურე" აღიარება, უკრაინის "დე ფაქტო" ანექსიაა. არ არის გამორიცხული, რომ საოკუპაციო რეჟიმებმა მალე მოსკოვს რუსეთთან შეერთების თხოვნით მიმართონ. ზუსტად ისე, როგორც ეს 8 წლის წინ ყირიმში მოხდა.
"ჯარის შეყვანა მშვიდობის მხარდასაჭერად" - კრემლის ეს ცინიკური ფორმულირება მსოფლიოს საქართველოს ახსენებს, როდესაც პუტინმა ქართველებისთვის ოპერაცია "მშვიდობის იძულება" გამოაცხადა.
"ჩვენ არ გვეშინია არაფრის და არავის, ჩვენ არ გვაქვს არავის ვალი და არავის არაფერს მივცემთ" - ეს არის უკრაინის პრეზიდენტის სიტყვები და უკრაინის მოქალაქეების განწყობაც, მიუხედავად იმისა თუ რა სახის მხარდაჭერას მიიღებს კიევი დანარჩენი მსოფლიოსგან.
რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაცით, კრემლი დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებს იმ ე.წ. საზღვრებში აღიარა, სადაც დეფაქტო ლიდერები კონტროლს ახორციელებენ.
ცივილიზებული სამყარო კი უკრაინის მხარდასაჭერად ერთიანდება. ყველა ერთის წინააღმდეგ - რამდენად ათქმევინებს კრემლს უარს აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო დაპირისპირებაზე - ეს ჯერ არავინ იცის. უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო ძალა კვლავ სრულ სამხედრო მზადყოფნაშია.