საქართველოს შესახებ კრემლის 2008 წლის განკარგულების დოკუმენტი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე უკრაინის ელჩმა იმის დემონსტრირებისთვის წარადგინა, რომ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების აღიარების განკარგულება 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებელობის გამოცხადების იდენტურია.
სერგეი კისლიცას განცხადებით, გაეროს წევრების ხელშია რა პასუხს მიიღებს რუსეთი მიღებული გადაწყვეტილებისთვის.
გაეროს შტაბ-ბინაში უშიშროების საბჭოს წევრები საღამოს 9 საათზე შეიკრიბნენ. სხდომა გვიან ღამით შტატების, საფრანგეთისა და ბრიტანეთის მოთხოვნით გაიმართა. უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტისა დარღვევაზე საუბრის დროს კი დიპლომატებმა საქართველოში შეჭრაც გაიხსენეს და თქვეს, რომ რუსეთის აგრესიის მსხვერპლი შეიძლება სხვა ქვეყანაც გახდეს.
ვლადიმირ პუტინის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე მკაფიო თავდასხმას უწოდებს. ასევე მიიჩნევენ, რომ რუსეთმა მინსკის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებზე უარი თქვა და უარყო რუსეთის პოზიცია, რომ ის დიპლომატიის მომხრეა.
რუსეთის გადაწყვეტილებას, საკუთარი მარიონეტების მიერ კონტროლირებადი ე.წ. რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით პროგნოზირებადს და სამარცხვინოს უწოდებს შტატების სახელმწიფო მდივანი. ენტონი ბლინკენი პუტინის გადაწყვეტილებას "ტვიტერზე" გამოეხმაურა.
არსებული ვითარების გათვალისწინებით შტატები ამერიკის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს.