27 ნოემბერი 2024,   22:30
ვრცლად
Hugo Boss-ისა და Marc O"Polo-ს მწარმოებელი კომპანია ქუთაისში სამკერვალო საწარმოს გახსნის

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი გერმანული "ბოკ ჰოლდინგის" დირექტორს დიტრიხ ბოკს და მის თანხმლებ პირებს შეხვდა, სადაც გერმანული ჰოლდინგის მიერ საქართველოში დაგეგმილი სამომავლო ბიზნესპროექტები განიხილეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ "ბოკ ჰილდინგი", რომელიც პროდუქციას აწვდის ისეთ ბრენდებს, როგორიცაა "ჰუგო ბოსი" და "მარკ ო’პოლო", საქართველოში, კერძოდ, ქუთაისის ინდუსტრიულ ზონაში სამკერვალო საწარმოს გახსნას და საწყის ეტაპზე 350 ადამიანის დასაქმებას გეგმავს. ეს მაჩვენებელი პროექტის განვითარების პარალელურად, 1500 - მდე გაიზრდება.

დიტრიხ ბოკის განცხადებით, ჰოლდინგი ასევე ფუნქციონირებს უკრაინაში, იტალიაში, ბულგარეთში, რუმინეთში და აქვთ დაინტერესება, ბიზნესი საქართველოშიც განახორციელონ.

"საქართველოში ისეთი კომპანიების შემოყვანა, როგორიცაა "ბოკ ჰოლდინგი", განსაკუთრებით საინტერესოა დასაქმების გაზრდის კუთხით. ინვესტორებთან მუშაობისას, ყოველთვის, ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი დასაქმება საუკეთესო პირობებით, რათა ჩვენი მოსახლეობის შემოსავლები გაიზარდოს. ვფიქრობ, ეს იქნება მორიგი წარმატებული ინვესტიცია, რომელიც ქუთაისის ეკონომიკას ხელს შეუწყობს," - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ლევან დავითაშვილმა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი.

დღის ამბები