გაერთიანებული სამეფო, შესაძლოა, პირველი ქვეყანა გახდეს, სადაც იზოლაციის წესები გაუქმდება. უცხოური გამოცემების მიხედვით გადაწყვეტილება, შესაძლოა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ხვალ გამოაქვეყნოს. მოლოდინს ბორის ჯონსონის ის განცხადებები აჩენს, სადაც ის კოვიდთან ერთად ცხოვრების სწავლაზე საუბრობს. ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი ყოველდღიურად მცირდება. ბოლო 24 საათში კორონავირუსი 34 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. ინფიცირებულთა რიცხვს ქვეყნის დედოფალიც შეემატა.
ბრიტანელი ტურისტებისთვის რეგულაციებს ამსუბუქებს საფრანგეთი. გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეებს საფრანგეთში შესასვლელად კოვიდ ტესტის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა აღარ მოუწევთ. ტესტის წარდგენისგან თავისუფლდებიან 12 წლამდე მოზარდებიც. ქვეყნებში რეგულაციების შემსუბუქების ფონზე კი ჯანდაცვის ექსპერტები საზოგადოებას სიფრთხილისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ.
რეგულაციებს ამსუბქებენ სლოვენიაშიც. საერთაშორისო მოგზაურები ქვეყანაში შესვლას კოვიდ სერტიფიკატის გარეშე შეძლებენ. იმ პირებს კი, ვისაც ინფიცირებულთან კონტაქტი უდასტურდებათ იზოლაციაში გადასვლა აღარ მოუწევთ.
ეტაპობრივად მსუბუქდება შეზღუდვები ახალ სამხრეთ უელსში. ავსტრალიის შტატში ღია სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. ის ადამიანები კი, რომლებიც დისტანციურად მუშაობდნენ სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებიან.
პირბადეების ტარება დახურულ სივრცეებში სავალდებულო აღარ არის ნევადას, ნიუ იორკისა და ჰავაის შტატებში. მათ რიცხვს უახლოეს მომავალში სულ მცირე 10 შტატი შეუერთდება.
ავტორი: თიკო ცერცვაძე