13 წლის ნინი ცეცხლაძის თვითმკვლელობის საქმეზე დაკავებულმა ბაბუამ, ერთ წლიანი სასჯელი მოიხადა და საპატიმრო დატოვა. "კურიერთან" ჰყვება, რომ შვილიშვილის მიმართ ძალადობა, რასაც გამოძიება ედავებოდა, მას არ ჩაუდენია. სულიკო ცეცხლაძემ ის დღე გაიხსენა, როდესაც მოზარდი დღის 6 საათზე, საცხოვრებელი სახლის ეზოში ხეზე, ჩამომხრჩვალი პირველმა იპოვა.
ბაბუა ერთადერთი დაკავებული არ იყო, რომელიც სასამართლომ ნინის საქმეზე გაამტყუნა. 7 წლიანი პატიმრობა, ბათუმის რაიონულმა სასამართლომ მოზარდის ნაცნობ მამაკაცს ნიკა ტაკიძეს მიუსაჯა. თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდება კი მას არ დაუდასტურდა. უბედური შემთხვევის დღიდანვე ნინი ცეცხლაძის ახლობლები და ნათესავები, სწორედ მის სახელს ახსენებდნენ და დარწმუნებულები იყვენ, რომ 13 წლის გოგომ თვითმკვლელობის გადაწყვეტილება ახალგაზრდა კაცის მხრიდან სექსუალური ძალადობის გამო მიიღო.
რა კავშირი ჰქონდა 23 წლის ნიკა ტაკიძეს 13 წლის გოგოსთან - ამ კითხვაზე პასუხი სასამართლოს განაჩენში ნაწილობრივ ახსნილია, მედიაში გადაწყვეტილების და მისი დასაბუთების შინაარსი გავრცელდა. დოკუმენტში წერია, რომ დაკავებული მამაკაცი არცერთ პროცესზე არ აღიარებდა რომ ის დამნაშავე იყო და მეტიც, ნინი ცეცხლაძის ოჯახთან საპასუხო ბრალდებები ჰქონდა. ნიკა ტაკიძეს მტკიცებით გოგონა ძალადობის მსხვერპლი საკუთარი ახლობლებისგან იყო და ის გარდაცვლილს პრობლემების მოგვარებაში, როგორც მეგობარი ისე ეხმარებოდა.
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილის განაჩენზე, ახლა მთავარი ბრალდებულის ოჯახი არ საუბრობს, სახლში სადაც ნიკა ტაკიძე ცხოვრობდა, "კურიერის" გადამღებ ჯგუფს მხოლოდ დედა დახვდა, თუმცა ქალს შვილის დანაშაულის შესახებ საუბარი არ სურს.
ოჯახი არა , თუმცა მათ პოზიციაზე, ნიკა ტაკიძის ინტერესების დამცველი საუბრობს და მის დაცვის ქვეშ მყოფს სინდისის პატიმარს უწოდებს. ირაკლი შავაძის თქმით, ნინი ცეცხლაძის თვითმკვლელობის საქმეზე, მათ მყარი მტკიცებულებები აქვთ, რომლის მიხედვითაც, ადვოკატის თქმით, პატიმრის უდანაშაულობა დასტურდება.
13 წლის გოგონა 2021 წლის 10 თებერვალს, საცხოვრებელი სახლის ეზოში ბაბუამ უკვე გარდაცვლილი იპოვა. გამოძიება პირველივე დღიდან 16 წლამდე მიუღწეველი პირის მიმართ სექსუალური ძალადობის და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ 23 წლის ნიკა ტაკიძე დააკავა, მალევე სამართალდამცველებმა ძალადობისთვის ნინი ცეცხლაძის ბაბუაც აიყვანეს.