27 ნოემბერი 2024,   22:43
ვრცლად
რა შემთხვევაში იკრძალება პნევმატური იარაღის ტარება - გამკაცრებული რეგულაცია და ცვლილება იარაღის შენახვის წესში

პნევმატური იარაღის ტარების უფლება რეგისტრაციის გარეშე იკრძალება - გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სტატისტიკაზე დაყრდნობით მიიღო, რომლითაც ირკვევა, რომ ხშირია უბედური შემთხვევები, განსაკუთრებით ბავშვებში.

რეგისტრაციის პარალელურად იცვლება შენახვის წესებიც, რომ არასრულწლოვნებს იარაღთან წვდომა შეეზღუდოთ. 

უბედური შემთხვევების სტატისტიკა არც თუ ისე მცირეა. ამ ფაქტებიდან გამომდინარე შინაგან საქმეთა სამინისტრო რეგულაციებს ამკაცრებს. ახალი დადგენილებით, მოქალაქეებს პნევმატური იარაღის ტარება რეგისტრაციის გარეშე ეკრძალებათ. რეგისტრაცია კი საჭიროა იმ შემთხვევაშიც, თუკი სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის ლულის სიგრძე 30 სმ-ს, იარაღის საერთო სიგრძე კი 60 სანტიმეტრს აღემატება. განისაზღვრა ტყვიების მოცულობაც, დაუშვებელია იმ ჭურვის გამოყენება, რომლის ტექნიკური მახასიათებლები აღემატება 4.5 მმ კალიბრს.

პნევმატური იარაღის შენახვისა და ტარების წესში ცვლილებებს ემხრობიან საკანონმდებლო ორგანოში.

ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ ეს რეგულაცია მოქალაქეების, განსაკუთრებით კი, არასრულწლოვნების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და, ამავდროულად, მოახდენს უბედური შემთხვევების პრევენციას.

პოლიტიკოსები იმ მიზეზებზეც საუბრობენ, რის გამოც საკითხი დღის წესრიგში დადგა. "ქართული ოცნების" წევრების თქმით, ინიციატივას საფუძვლად ბოლო რამდენიმე წელში პნევმატური იარაღის შედეგად დამდგარი უბედური შემთხვევები დაედო.

ცვლილებები ძალაში დღეიდან შედის. კანონის დარღვევის შემთხვევაში დაწესებულია ჯარიმა 200-იდან 500 ლარამდე. 

დღის ამბები