27 ნოემბერი 2024,   22:55
ვრცლად
ევაკუაცია ოკუპირებული ტერიტორიებიდან და სეპარატისტების მასობრივი მობილიზაცია - უკრაინაში სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა

ევაკუაცია ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიებიდან - რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, მოსახლეობა დონეცკსა და ლუგანსკს ტოვებს. რუსული სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ სეპარატისტული რეგიონების მცხოვრებლები ავტობუსებითა და მატარებლებით როსტოვში გადაჰყავთ. რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, ბოლო 24 საათში დონბასში საცხოვრებელი სახლი 36 ათასს ადამიანს დაატოვებინეს. ლტოლვილთა რიცხვი კი, შესაძლოა, 100 ათასამდეც კი გაიზარდოს. მათ, ვინც საცხოვრებელი უკვე დატოვა, პუტინი დახმარების სახით 10 ათას რუბლს ჰპირდება რაც, დაახლოებით, 380 ლარია. ევაკუაციის პროცესი ამ დრომდე გრძელდება.

სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მასობრივი მობილიზაციაა გამოცხადებული. სეპარატისტული რეგიონებიდან მოსახლეობის როსტოვში ევაკუაცია რომ რუსეთის გეგმის ნაწილია იმ ფაქტითაც დასტურდება, რომ ვიდეოჩანაწერები, რომლებიც დონეცკის და ლუგანსკის ე.წ მმართველებმა 18 თებერვალს გაავრცელეს, რეალურად, 2 დღით ადრეა გადაღებული. ამის შესახებ ინფორმაცია საგამოძიებო ჯგუფის წარმომადგენელმა გაავრცელა და ინტერნეტში ვიდეომიმართვის მეტამონაცემებიც გამოაქვეყნა.

კიევში აცხადებენ, რომ რუსეთის მიზანი სამხედრო კონფლიქტის პროვოცირებაა, სადაც უკრაინა იძულებული გახდება მოლაპარაკების მაგიდას კრემლის ე.წ მარიონეტებთან მიუჯდეს. ინტენსიურად ირღვევა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაც. მნიშვნელოვანია, რომ ცეცხლის გახსნა ბოლო 24 საათში 52- ჯერ, მინსკის შეთანხმებით აკრძალული იარაღის გამოყენებით მოხდა.

ოფიციალური კიევის ბრალდებას ბრალდებით პასუხობენ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ მმართველები. ისინი აცხადებენ, რომ კიევი კონფლიქტის ძალისმიერი გადაწყვეტისთვის მზადაა. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ უკრაინის საზღვრებთან მყოფი რუსული ჯარების 40% სამხედრო მზადყოფნაშია. აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი რუსული ჯარის უკრაინაში შეჭრას რამდენიმე დღეში ვარაუდობს, იქამდე კი კრემლს კვლავ დიალოგს სთავაზობს.

იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრება, ლავროვი და ბლინკენი მომდევნო კვირას ერთმანეთს შეხვდებიან. რა იქნება პუტინის მორიგი ნაბიჯი უცნობია, თუმცა, საზღვართან მუდმივად იზრდება სამხედროების რიცხვი და საველე ჰოსპიტლების რაოდენობა. უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით, ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ საელჩოს ლვოვში გადატანის გადაწყვეტილება NATO-მაც მიიღო. საფრანგეთი, ავსტრია და გერმანია საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს. კიევში ფრენები შეაჩერა გერმანულმა ავიაკომპანია "ლუთფანსამ".

დღის ამბები