27 ნოემბერი 2024,   22:44
ვრცლად
"გავაძლიერებთ ალიანსს აღმოსავლეთ ფლანგზე, აშშ-ში 85 000 სამხედრო მზადყოფნაში გვყავს" - კამალა ჰარისი პუტინს უპრეცედენტო სანქციების შესახებ აფრთხილებს 

მიუნხენის საერთაშორისო კონფერენცია გრძელდება, სადაც სულ მალე უნდა დაიწყოს უკრაინის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა. 450-ზე მეტი მაღალჩინოსანი რუსეთ-უკრიანის კრიზისზე მსჯელობს, მათ შორისაა საქართველოს მთავრობის მეთაურიც. 

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი. მისი თქმით, თუკი რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, მას უპრეცედენტო ეკონომიკური ფასის გადახდა მოუწევს. 

"აბსოლუტური სიცხადით მინდა გითხრათ, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება - აშშ, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად დაუწესებს მას ხელშესახებ და უპრეცენდენტო ეკონომიკურ ფასს. ჩვენ ყველა ერთად მზად ვართ სამომავლო შედეგებისთვის, იმ ეკონომიკური ზომებისთვის, რომელიც იქნება სწრაფი, მკაცრი და ერთიანი. ჩვენ დავაკისრებთ რუსეთს შორსმიმავალ ფინანსურ სანქციებს და ექსპორტის კონტროლს, შევუტევთ რუსეთის ფინანსურ ინსტიტუტებსა და საკვანძო ინდუსტრიებს, სამიზნეში ამოვიღებთ ამ არაფრით გამყარებული შეჭრის თანამონაწილეებს.

ნუ შეხვალთ შეცდომაში, ეს სანქციები აუცილებლად დადგება და მას ექნება უდიდესი ზიანის მომტანი მათთვის, ვინც ამაშია პასუხისმგებელი. არ შევჩერდებით მხოლოდ ეკონომიკურ ზომებზე - გავაძლიერებთ ალიანსს აღმოსავლეთ ფლანგზე. საამისოდ ნაბიჯებს უკვე ვდგამთ.

ამერიკელი სამხედროები რუმინეთში, პოლონეთსა და გერმანიაში განვათავსეთ, აშშ-ში კი 85 000 სამხედრო გვყავს მზადყოფნაში. დავაზუსტებ, ჩვენ არ განვათავსებთ ძალებს უკრაინაში, თუმცა ისინი დაიცავენ NATO-ს ტერიტორიის თითოეულ გოჯს," - ამბობს კამალა ჰარისი.

დღის ამბები