უკრაინის საზღვრებთან განლაგებული რუსი სამხედროების 40% სამხედრო მზადყოფნაშია. ბოლო 2 დღის განმავლობაში ინტენსიურად ირღვევა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. სეპარატისტების მიერ განხორციელებული პროვოკაციული ქმედებების შედეგად დაღუპულია ერთი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე. რუსეთში დაიწყო რეზერვისტების მობილიზაცია სამხედრო წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად. პარალელურად, კი ვრცელდება კადრები, თუ როგორ გადაჰყავთ დონბასიდან როსტოვში ადგილობრივები.
რუსული მედიის ინფორმაციით, დონბასიდან რუსეთში უკვე 10 000-ზე მეტი დევნილი გადავიდა. სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მასობრივი მობილიზაციაა გამოცხადებული. ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან რუსეთში 700 000-მდე ადამიანის ევაკუაცია უნდა განხორციელდეს. მოსახლეობის როსტოვში გადაყვანის პროცესი ამ დრომდე გრძელდება. პუტინის დავალებით, რუსეთის მთავრობა თითოეულ დევნილს, ვინც დონეცკიდან როსტოვში გადავა, დახმარების სახით, 10 ათას რუბლს გადაუხდის. სეპარატისტული რეგიონებიდან მოსახლეობის როსტოვში ევაკუაცია რომ რუსეთის გეგმის ნაწილია, იმ ფაქტითაც დასტურდება, რომ ვიდეო-ჩანაწერები, რომლებიც დონეცკის და ლუგანსკის ე.წ მმართველებმა 18 თებერვალს გაავრცელეს, რეალურად, 2 დღით ადრეა გადაღებული. ამის შესახებ ინფორმაცია საგამოძიებო ჯგუფის წარმომადგენელმა გაავრცელა და ინტერნეტში ვიდეომიმართვის მეტამონაცემებიც გამოაქვეყნა.
ბოლო ორი დღის განმავლობაში ინტენსიურად ირღვევა ცეცხლი შეწყვეტის შეთანხმება. დაღუპულია ერთი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე. ოფიციალური კიევი სეპარატისტებს ბაღებზე, სკოლებსა და საცხოვრებელ სახლებზე თავდასხმაში ადანაშაულებს. უკრაინის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ რუსეთის პროვოკაციებს არ აჰყვებიან.
ბრალდებას ბრალდებით პასუხობენ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული რეგიონების ე.წ ლიდერებიც და თავდასხმაში ოფიციალურ კიევს ადანაშაულებენ. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ უკრაინის საზღვრებთან მყოფი რუსული ჯარების 40% სამხედრო მზადყოფნაშია. პრეზიდენტი ბაიდენი რუსული ჯარის უკრაინაში შეჭრას რამდენიმე დღეში ვარაუდობს. იქამდე კი კრემლს კვლავ დიალოგს სთავაზობს.