27 ნოემბერი 2024,   22:38
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილის ღია წერილით მიმართავს

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მე-5 პრეზიდენტს ღია წერილით მიმართავს. პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, რომ გრიფი "საიდუმლო" მოხსნას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გაწეულ ხარჯებს პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის 2013 წელს. სააკაშვილის თქმით, ამით სალომე ზურაბიშვილი იხსნის უსამართლო ციხისგან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს თემურ ჯანაშიას:

ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს

ქ-ნო სალომე,

პირველად მოგმართავთ წერილით და ეს არაა შეწყალების მოთხოვნა. მე შესაწყალებელი არაფერი მაქვს, ვინაიდან, კანონი არ დამირღვევია და ყველა წაყენებული ბრალდება და დამდგარი განაჩენი შეთითხნილი და მთლიანად საფუძველს მოკლებულია. ჩემს უდანაშაულობას, ადრე თუ გვიან, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო დაადგენს. როგორც ფრანგმა, შეუძლებელია არ იცოდეთ, რომ ჩემს მიმართ წაყენებულ ბრალდებას არ აღიარებს არცერთი ევროპული ქვეყანა და არავინ ცივილიზებულ სამყაროში.

მე გწერთ სხვა გარემოებების გამო. თქვენ შეგიძლიათ არა სიტყვით, არამედ საქმით იხსნათ წესიერი და დამსახურებული გენერალი თემურ ჯანაშია სრულიად უსამართლო ციხისგან თქვენი ერთი გადაწყვეტილებით, რომელიც სრულად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას და კანონს.

მოხსენით გრიფი "საიდუმლო" სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გაწეულ ხარჯებს პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის 2013 წელს და შემდგომაც. მე და ჯანაშიას გვედავებიან არა ხარჯების მიზნობრიობას, როგორც ტელევიზიით ყვებიან, არამედ მათი გაწევის წესს.

თუ თქვენ  ამ გრიფს მოხსნით, დადასტურდება, რომ ეს პროცედურები უბრალოდ ჯანაშიას კაპრიზი კი არ იყო, არამედ საყოველთაოდ მიღებული განგრძობითი პრაქტიკა, რომელიც, რაც მთავარია, სრულიად ჯდება კანონის ფარგლებში.

თუ თქვენ დაიცავთ კონსტიტუციას და დაიცავთ კანონს, ამით გადაარჩენთ ძალიან ღირსეულ გენერალს, რომელიც მთელი ცხოვრება ემსახურება საქართველოს, 11-წლიან ციხეს, მის მრავალრიცხოვან ოჯახს უბედურებას და მის და სხვების შვილებს განცდას, რომ ამ ქვეყანაში ერთგულება, წესიერება და კანონის დაცვა დასჯადია.

ახლა არჩევანი თქვენზეა, ქ-ნო პრეზიდენტო.

მე ჩავთვალე, რომ სწორი იქნებოდა, ღია წერილით მომემართა, რათა საზოგადოება ბოლომდე საქმის კურსში იყოს იმისა, თუ რა ხდება ამ შეკერილი, ძალიან სამარცხვინო საქმეების გარშემო.

ასევე, ქალბატონო პრეზიდენტო, სად გაქვთ გარანტია, რომ ხვალ რომელიმე უსამართლო ხელისუფლება თქვენ არ წაგიყენებთ ბრალს შეწყალების საქმეზე?! თქვენ თვითონ განაცხადეთ, რომ შეწყალება პრეზიდენტის გადასაწყვეტია. და თუ ეს ასეა, მაშინ რატომ ვარ მე "შეწყალების" საქმეზე გასამართლებული?!

ტელევიზიით ვნახე, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოსულ სტუმრებს შამპანურით უმასპინძლდებით. სადაა გარანტია, რომ თქვენი ვადის ამოწურვის შემდეგ ამაზე არ გაგასამართლებენ ისე, როგორც ახლა მე და ჯანაშიას გვასამართლებენ?!

მიუხედავად ყველაფრისა, ქვეყანა ჩალით არაა დახურული და არც ისე ბნელა, რომ ხალხმა შავი და თეთრი ვერ გაარჩიოს.

ვიტოვებ იმედს თქვენს სამართლიანობის გრძნობასა და ცივილიზებულ მიდგომაზე,"- ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის ღია წერილში.

დღის ამბები