27 ნოემბერი 2024,   22:37
ვრცლად
ჩვენი ინფორმაცია ნათლად მიუთითებს, რომ სახმელეთო ჯარები, თვითმფრინავები, გემები ემზადებიან უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმისთვის - ენტონი ბლინკენი 

რუსეთს გაეროს ტრიბუნიდან მოუწოდებენ, უარი თქვას უკრაინაში შეჭრის გეგმაზე, თუმცა სცენარი ჯერჯერობით სხვა მიმართულებით მიდის. 

ამ წუთებში, ნიუ-იორკში უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. ქვეყნები უკრაინის საკითხზე მსჯელობენ, თუმცა საბჭოს სხდომა რუსეთის ინიციატივით იმართება. კრემლი კიევს და დასავლელ პარტნიორებს კვლავ ადანაშაულებს პროვოკაციულ ქმედებებში.

ამ ფონზე კი ოფიციალური ვაშინგტონი დარწმუნებით ამბობს, რომ უკრაინაში რუსეთის ინტერვენცია გარდაუვალია. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ყველა ქმედება მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის ძალები უახლოეს დღეებში ემზადებიან უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმისთვის. 

"რუსეთი ამბობს, რომ ძალები უკან გვყავს, ჩვენ ვერ ვხედავთ ამას ადგილზე. ჩვენი ინფორმაცია ნათლად მიუთითებს, რომ ეს ძალები მათ შორის სახმელეთო ჯარები, თვითმფრინავები, გემები ემზადებიან უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმისთვის უახლოეს დღეებში. რუსეთის მთავრობას შეუძლია დღეს გამოაცხადოს, რომ რუსეთი არ შეიჭრება უკრაინაში - განაცხადეთ ეს ნათლად, ნათლად განაცხადეთ ეს მსოფლიოს წინაშე და შემდეგ აჩვენეთ ეს თქვენი ჯარების, თქვენი ტანკების, თქვენი თვითმფრინავების გაყვანით და თქვენი დიპლომატები მოლაპარაკების მაგიდასთან გაგზავნეთ," - ამბობს ენტონი ბლინკენი.

გაერთიანებული სამეფოს მინისტრი ევროპისა ჩრდილოეთ ამერიკის საკითხებში, ჯეიმს კლევერლი აცხადებს, რომ გაერთიანებული სამეფო სრულად უჭერს მხარს მინსკის შეთანხმების შესრულებას, რომელიც მოწონებულია გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციის მიერ.

"მსურს ნათლად ვთქვა, რომ გაერთიანებული სამეფო სრულად უჭერს მხარს მინსკის შეთანხმების შესრულებას, რომელიც მოწონებულია გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციის მიერ. ეს რეზოლუცია ადასტურებს უსაფრთხოების საბჭოს სრულ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ეს რჩება ყველა მხარის პასუხისმგებლობად, რათა სრულად მოხდეს მინსკის შეთანხმების იმპლემენტაცია და მოხდეს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა. ჩვენ ვგმობთ რუსეთის დუმის მოქმედებას, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს მიმართავს, აღიაროს ლუგანსკის და დონეცკის დამოუკიდებლობა. ეს მინსკის შეთანხმება საფუძველს აცლის და უნდა იქნას უარყოფილი რუსეთის მთავრობის მიერ. მივესალმებით დეესკალაციას, რუსეთი ვერ ასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს," - აცხადებს ჯეიმს კლევერლი

დღის ამბები