ეკონომიკური ზრდის დაჩქარება და საჯარო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება - ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რაზეც დღეს "ტექნოპარკში" გამართულ შეხვედრაზე ეკონომიკის მინისტრი, სამშენებლო და საბანკო სექტორის წარმომადგენლებს ესაუბრა. პროექტის მიხედვით კომპანიებს, მთავრობის გარანტიით შეეძლებათ დამატებით ფინანსური რესურსები ბანკებიდან მოიზიდონ.
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციაში თვლიან, რომ უახლოეს მომავალში სტანდარტული პირობების შემუშავების პროცესში ბანკებიც უნდა ჩაერთონ. ანა საბახტარიშვილის განცხადებით, ინიციატივა მისაღებია, მათი ჩართულობა პროექტის ჩამოყალიბების პროცესში კი მნიშვნელოვანი.
სამშენებლო და საბანკო სექტორთან შეხვედრის შემდეგ, ეკონომიკის მინისტრმა თქვა, რომ მთავრობას ყოველწლიურად უწევს საჯარო ინფრასტრუქტურის, ასევე კომუნალური საკითხების მოგვარება, როგორიცაა დევნილებისთვის, ძალოვან სტრუქტურებში დასაქმებული პირებისთვისა და ვეტერანებისთვის კომუნალური საკითხების გადაწყვეტა. ლევან დავითაშვილის თქმით, ახალი პროექტი სახელმწიფოს და მოქალაქეების ინტერესებს დააკმაყოფილებს.
ინიციატივა რომ ეკონომიკის დამატებითი და სწორი სტიმულირებისკენ არის მიმართული, საუბრობენ საბანკო ასოციაციაში. ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი კი ამბობს რომ ინიციატივა ქვეყნის ბიუჯეტისთვის სასარგებლო იქნება.
ინიცირებული პროექტი, რომელიც სამშენებლო ბიზნესის მხარდაჭერას გულისხმობს, პრემიერ-მინისტრმა 14 თებერვალს მთავრობის სხდომაზე გააჟღერა. მინისტრთა კაბინეტში განმარტავენ რომ კომპანიებთან გაფორმდება ინდივიდუალური ხელშეკრულებები და დაფინანსებაც შესაბამისი იქნება.