კადრებში, რომელიც მედიაში გავრცელდა, დაბომბილი შენობა ჩანს - უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთის საარტილერიო ძალების მიერ ნასროლი ჭურვი საბავშვო ბაღის შენობას მოხვდა. კიევის გაერთიანებული ძალების ოპერაციის პრესცენტრის ინფორმაციით, დაშავებულია ორი მოქალაქე. ლუგანსკის ოლქის დასახლებული პუნქტის ნახევარს, ამჟამად ელექტროენერგია არ მიეწოდება, დაიწყეს ადგილობრივების ევაკუაციაც.
თავდასხმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაგმო. მალევე სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოც, სადაც ჩანს რომ კიევში რუსეთის საელჩოდან კვამლი ამოდის. გავრცელებული ინფორმაციით, შენობაში დიპლომატიურ დოკუმენტაციას ანადგურებენ. რუსეთის საელჩო ფაქტს უარყოფს.
კიევი პარტნიორებს მოუწოდებს, რუსეთის პროვოკაციული ნაბიჯები შეაჩერონ. რუსული სამხედრო ძალის უკან დახევის მოლოდინი არ აქვს ვოლოდიმირ ზელენსკის. პრეზიდენტი ამბობს, რომ ომის საფრთხე ჯერ არ გამქრალა, თუმცა არც განაწყენებას მალავს NATO-ს გაფართოების სკეპტიკოსების მიმართაც. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსეთს არ სურს ალიანსში უკრაინის ხილვა და ამ საკითხში ის მარტო არ არის. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დღის ბოლოს განცხადებაც გაავრცელა, რომ კიევი მზად არის მოსკოვთან მოსალაპარაკებლად ნებისმიერ ფორმატში.
უკრაინაში ომი არ დაწყებულა, თუმცა მშვიდობა კვლავ საშიშია. "კურიერი" კიევში რადას უმრავლესობის დეპუტატებს ესაუბრა, ისინი მომხდარს გმობენ და რუსეთის მხრიდან პროვოკაციული ნაბიჯებიც არ აკვირვებთ.
კრემლი ევროპაში უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს. რუსეთს რომ ომის დაწყება არ სურს- ეს გზავნილი რუსეთის პირველმა დიპლომატმა იტალიელ კოლეგასთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაახმოვანა. სერგეი ლავროვმა ფართომასშტაბიანი წვრთნების დასრულების თარიღად 20 თებერვალი დაასახელა, თუმცა არ დაუკონკრეტებია ეს თარიღი რეგიონში კონფლიქტსაც თუ დაასრულებს.
რუსეთის უკრაინაში შეჭრას ვარაუდობენ ვაშინგტონშიც. ინტერვენციის საბაბად რუსეთის დეზინფორმაციულ კამპანიებზე ისაუბრა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა. ნედ პრაისმა პარალელი 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრასთანაც გაავლო.
რუსული სამხედრო აგრესიის საფრთხე ჯერ არსად გამქრალა. მოსკოვის იმ განცხადების ფონზე, რომ ჯარს საწყის პოზიციაზე აბრუნებს, უკრაინის საზღვრებთან სამხედრო მობილიზება კვლავ გრძელდება. თეთრი სახლის ინფორმაციით, უკრაინის საზღვართან რუსეთმა დამატებით 7 ათასი სამხედრო განალაგა და მათი რიცხვი კონფლიქტის ზონასთან უკვე 150 ათასს აჭარბებს.