27 ნოემბერი 2024,   22:35
ვრცლად
ვფიქრობ, ალიანსმა ძალიან მტკიცედ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი - იენს სტოლტენბერგი

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრის შესახებ საუბრობს. როგორც სტოლტენბერგი აღნიშნავს, მინისტერიალზე შეხვედრამ კარგად ჩაიარა, სადაც ალიანსმა ძალიან მტკიცედ გამოხატა საკუთარი მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. 

განცხადება სტოლტენბერგმა​ მინისტერიალის დასრულების შემდეგ, შემაჯამებელ ბრიფინგზე გააკეთა. როგორც ნატოს გენერალური მდივანი აცხადებს, წელს საქართველოში დაგეგმილია სამხედრო წვრთნები, რომელშიც, ნატოც ჩართული იქნება. 

"კარგი შეხვედრა გვქონდა ქართველ და უკრაინელ თავდაცვის მინისტრებთან. ვფიქრობ, ალიანსმა შეხვედრაზე ძალიან მტკიცედ გამოხატა საკუთარი მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. ჩვენ უზრუნველვყოფთ მათ ორმხრივ მხარდაჭერას, თავდაცვისუნარიანობის ზრდას, წვრთნებსა და სხვა ღონისძიებებს.

წელს საქართველოში დაგეგმილია სამხედრო წვრთნები, რომელშიც, რა თქმა უნდა, ნატოც იქნება ჩართული. ეს კი აჩვენებს ჩვენი მუშაობის ერთიანობას. შავი ზღვის რეგიონი ნატოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა, რაც იქ ხდება, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. საქართველო და უკრაინა კი რეგიონში ჩვენი ძალიან ახლო პარტნიორები არიან, მათთან სიახლოვე ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია და ეს დავადასტურეთ კიდეც. ჩვენ შევეხეთ რუსული ძალების ქართულ რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ყოფნის ფაქტებსაც. ასევე დავადასტურეთ, რომ ნატოს კარი ღია რჩება, მის წევრობაზე გადაწყვეტილება ჩვენსა და ასპირანტ ქვეყნებზეა და არა ვინმე სხვაზე.

ჩვენი პოზიცია უცვლელია, ბუქარესტის სამიტის პირობა ძალაში რჩება, თუმცა ახლა ყურადღება გადატანილია რეფორმებზე, იმაზე რომ ორივე ქვეყანას დავეხმაროთ მათი თავდაცვითი და უსაფრთხოებითი ინსტიტუტები და ამას გავაგრძელებთ.

ვერ მივიღებთ გავლენების სფეროების დაბრუნების მცდელობებს. როდესაც დიდი ძალები პატარებს კარნახობენ რამეს. ვერ მიიღება გადაწყვეტილებები უკრაინაზე - უკრაინის გარეშე, საქართველოზე - საქართველოს გარეშე,“ - აცხადებს იენს სტოლტენერბგი.

დღის ამბები