27 ნოემბერი 2024,   22:39
ვრცლად
"რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან თავი მოუყარა საკუთარ ძალებს იმ რაოდენობით, რომელიც ევროპაში ათწლეულებია, არ გვინახავს" - იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალურმა მდივანმა და ამერიკის თავდაცვის მდივანმა მინისტერიალის დასრულების შემდეგ, შემაჯამებელი ბრიფინგი გამართეს, რომელზეც კიდევ ერთხელ ახსენეს საქართველო. მთავარი თემა იყო რუსული საფრთხეები და უკრაინის კრიზისი. სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან იმ რაოდენობის ძალები შეკრიბა, რაც ევროპას ათწლეულებია არ უნახავს. 

იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ რუსეთი ცდილობს, ყველა საბაბი გამოიყენოს იმისათვის, რომ უკრაინას თავს დაესხას. 

"შეშფოთებულები ვართ იმით, რომ რუსეთი ცდილობს დადგას საბაბი უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებული თავდასხმისთვის. ჯერ კიდევ არ არსებობს სიცხადე რუსეთის განზრახვებთან დაკავშირებით, ჩვენ არ ვიცით, რა მოხდება, მაგრამ რაც ვიცით, ისაა, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან თავი მოუყარა საკუთარ ძალებს იმ რაოდენობით, რომელიც ევროპაში ათწლეულებია არ გვინახავს. ასევე, ვიცით, რომ რუსული დაზვერვის ოფიცერი უკრაინაში საკმაოდ მრავლად არიან წარმოდგენილები დ ოპერირებენ, მათ შორის, დონბასში და უკვე ვნახეთ ე.წ. "ცრუ დროშის” ოპერაციისთვის საბაბის დადგმის მცდელობებიც, რათა მომზადდეს უკრაინაში შეჭრის გამართლება. ასე რომ, ეს, რა თქმა უნდა, შეშფოთების საგანია. დეტალებში არ შევალ, თუმცა სწორედ ამ მიზეზით ვაკვირდებით მათ ნაბიჯებს ძალიან დიდი ყურადღებით, ამ მიზეზითვე გამოააშკარავა ალიანსმა რუსული გეგმები და დეზინფორმაციისკენ მიმართული მცდელობები - რადგან გვჯერა, რომ ეს მათთვის უკრაინაში შეჭრას უფრო გაართულებს. ვაგრძელებთ მოწოდებას, რომ გაიყვანოს ძალები და ჩაერთოს დიალოგში," - აცხადებს იენს სტოლტენბერგი.

დღის ამბები