27 ნოემბერი 2024,   22:52
ვრცლად
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3 ლარი გახდა - რა მოლოდინები აქვთ ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით სებ-ის პრეზიდენტს და ექსპერტებს 

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2 ლარი და 99 თეთრი იყო. ეროვნული ბანკი მარტიდან ინფლაციის მაჩვენებლის შემცირებას ელოდება. კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ გლობალური პროცესები გაცვლით კურსზე გავლენას ახდენს.

"როდესაც არის მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი მას ახასიათებს მერყეობა და ყოველთვის ითვალისწინებს სხვადასხვა მოვლენებს, რომელიც ხდება მსოფლიოში ან რეგიონში. რაც შეეხება ინფლაციას - დღევანდელი შეფასებით, და ეს არ არის მხოლოდ ეროვნული ბანკის შეფასება, ინფლაციის მაჩვენებელმა შემცირება უნდა დაიწყოს მარტის თვიდან," - აცხადებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე.

ეკონომიკის მინისტრი დარწმუნებულია, რომ დაფიქსირდება ვალუტის წონასწორობის წერტილი და ლარის კურსი დასტაბილურდება.

შეფასებას აკეთებენ ექსპერტებიც, რომლებსაც ლარის გამყარების მოლოდინი აქვთ

"ლარის გამყარების მოლოდინი არის პოზიტიური, ჩვენ ვნახეთ ექსპორტის როგორი ზრდაა. ტენდენცია ლარის გამყარებისა, უნდა ვთქვა, რომ იქნება შეუქცევადი, ასევე მოსალოდნელი იქნება ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები კიდევ უფრო ზრდა და ის შეიძლება მიუახლოვდეს წინაპანდემიური პერიოდის შემოსავლებს," - განაცხადა ექსპერტმა საბანკო-საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძემ.

ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ კურსის ცვლილება ფასებზე განსაკუთრებულ გავლენას ვერ მოახდენს.

"თუ რაღაც განსაკუთრებულს გამოვრიცხავთ მაშინ ლარი წესით დაახლოებით იმ ნიშნულზე იმერყევებს სადაც არის, ამას რაიმე განსაკუთრებული ზეგავლენა ფასებზე არ ექნება," - აღნიშნა თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა ვახტანგ ჭარაიამ.

 

ავტორი: სანდრო კაჭახიძე

 

დღის ამბები