27 ნოემბერი 2024,   22:27
ვრცლად
კეზერაშვილი რომ ნაძარცვი ფულით "ნაციონალურ მოძრაობას" აფინანსებდა, ეს ამბავი საზოგადოებისთვის მეტნაკლებად ცნობილია - დავით მათიკაშვილი

თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას საარჩევნო კამპანიას თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი აფინანსებდა, მმართველი გუნდის წევრები ეხმაურებიან.

ხელისუფლების წევრების შეფასებით, აღნიშნული ინფორმაცია სიახლეს არ წარმოადგენს, თუმცა, მმართველი პარტია კეზერაშვილის ფინანსების წარმომავლობას ეჭვქვეშ აყენებს.

"ის კი არ არის პრობლემა რომ ვიღაც ბიზნესმენი აფინანსებს პოლიტიკურ პარტიას, აქ პრობლემაა იმაში, რომ ფული, რომელიც არის გაურკვეველი წარმოშობის და, დიდი ალბათობით, არის საქართველოდან გატანილი თანხა უკანონოდ იმ თავდაცვის მინისტრის მიერ, რომელიც წაგებული ომის თავდაცვის მინისტრი იყო, ეს არის ტრაგედია ქვეყნისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ ასეთი ფულით ხდება დღეს პოლიტიკური პარტიისა და მედიის დაფინანსება," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა. 

"კეზერაშვილი რომ ნაძარცვი ფულით "ნაციონალურ მოძრაობას" აფინანსებდა ეს ამბავი საზოგადოებისთვის მეტნაკლებად ცნობილია. ხსენებული პიროვნების[თამარ ჩერგოლეიშვილი] შეხედულება არის დასტური იმისა, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" კეზერაშვილის თანხები არჩევნების დროს იყო აქტიურად გამოყენებული. რა მოთხოვნა შეიძლებოდა ჰქონოდა კეზერაშვილის ამის სანაცვლოდ, ცოტა რთულია ამაზე საუბარი, მაგრამ ეს ერთს ადასტურებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" შიგნით არის ურთულესი დაპირისპირება," - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ენმ-ის წევრი დავით კირკიტაძე კი მსგავს დაფინანსებაზე ინფორმაციას არ ადასტურებს. მისი თქმით,"ნაციონალური მოძრაობის" დაფინანსების წყაროები გამჭვირვალეა.

დღის ამბები