27 ნოემბერი 2024,   22:50
ვრცლად
"მთელი ღამე თავში მიბრახუნეს, წამლის კაიფს დაიმატებდნენ და წავიდა ისევ ცემა, გინება, რახა-რუხი" - დიდი ოდენობით თანხის გამოძალვისთვის დაკავებულია 6 პირი

დიდი ოდენობით თანხის გამოძალვა და 6 დაკავებული ადამიანი - საქმე, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გახსნა, ფინანსურ დავას უკავშირდება. ფარულ აუდიო ჩანაწერებში ისმის მუქარა და კონკრეტული პირის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

როგორც ცნობილია, გამომძალველები პირს აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და 51 000 ლარის მიტანას სთხოვდნენ.

"მთელი ღამე თავში მიბრახუნეს, დედის მ... მაგინეს, მერე რომ გამოდიოდნენ უკვე წამლის კაიფიდან, მერე დაიმატებდნენ, მერე წავიდა ისევ ცემა, გინება, რახა-რუხი...."- ჰყვება დაზარალებული გავრცელებულ აუდიოჩანაწერში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ ბრალად ედებათ თავისუფლების უკანონო აღკვეთა, გამოძალვა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და დანაშაულის შეუტყობინებლობა.

გამოძალვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1987 წელს დაბადებული ა.მ. და 1978 წელს დაბადებული მ.მ.; გამოძალვის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ბრალდებით დაკავებულები არიან: 1970 წელს დაბადებული კ.ნ. და 1972 წელს დაბადებული გ.ლ; დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1977 წელს დაბადებული გ.ჭ, 1999 წელს დაბადებული ა.ნ., ხოლო 2 პირს: 1969 წელს დაბადებულ რ.ჭ.-ს და 1974 წელს დაბადებულ ს.ჭ.-ს ამავე დანაშაულისთვის ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ.

დანაშაულები 4-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ არსებული ფინანსური დავის საფუძველზე, დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის გაადვილების მიზნით, კ.ნ.-მ, გ.ლ.-მ, ა.მ.-მ და მ.მ.-მა ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს ვ.ტ.-ს და ძალადობის გამოყენების მუქარით მას უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

გამომძალველები ვ.ტ.-ს აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, 51 000 ლარს მოტანას სთხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კვლავ ძალადობის გამოყენებით ემუქრებოდნენ, რის გამოც მან თანხის გადახდაზე თანხმობა განაცხადა. დაზარალებული პირი ბრალდებულებმა მეორე დღეს, თანხის გადახდის პირობით გაათავისუფლეს.

ა.ნ., გ.ჭ., რ.ჭ. და ს.ჭ. შეესწრნენ ვ.ტ.-ის მიმართ განხორციელებულ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენას, თუმცა აღნიშნულის თაობაზე პოლიციას არ შეატყობინეს.

პოლიციამ დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას მობილური ტელეფონები და უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძალვის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების, ასევე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 181-ე, 237-ე, 143-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დღის ამბები