27 ნოემბერი 2024,   22:44
ვრცლად
პარტიებს, რომელსაც "ნაცმოძრაობა" ამუნათებდა და გავლენის ქვეშ აქცევდა, პარტნიორებს კი არა, "პარწნიუკებს" ეძახდა - რატი იონათამიშვილი

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილმა, "ღამის კურიერის" ეთერში 2020 წლის არჩევნები გაიხსენა და აღნიშნა, რომ შედეგები "ნაციონალურმა მოძრაობამ" და იმ პარტიებმა არ აღიარეს, რომლებზეც ამ პარტიას დიდი გავლენა ჰქონდა. მისივე თქმით, ასეთ პარტიებს "ნაციონალურ მოძრაობაში" არა პარტნიორებს, არამედ "პარწიუკებს" ეძახდნენ:

"2020 წლიდან დღემდე, ოპოზიცია ითხოვს იმას, რაც ჩვენი საზოგადოების ინტერესებში არ შედის. მათ იმ მცირე მხარდამჭერებს, რომელიც მაინც შემორჩათ, ფაქტობრივად იმედები გაუცრუეს, ვინაიდან ყოველ ჯერზე, ეგოისტურ გადაწყვეტილებებს იღებდნენ. ოპოზიციის სამი წევრისთვის მანდატის გაუქმება, ჩვენი მხრიდან საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე იქნა მიღებული. ჩვენთვის მათთვის პარლამენტში ყოფნა-არ ყოფნა მოტივის მოცემის საფუძველი არასოდეს ყოფილა.

2020 წლის არჩევნები რომ გავიხსენოთ, ოპოზიციის მხრიდან შენიშვნების არსებობა ბუნებრივია, მაგრამ შედეგების ლეგიტიმაცია ეს იყო დადგენილი ფაქტი. მოცემულობა, რომელიც არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვებას გულისხმობს, "ნაციონალურმა მოძრაობამ" არ აღიარა და ასევე იმ პარტიებმა, რომლებსაც "ნაციონალური მოძრაობის" გავლენა ჰქონდათ. გვახსოვს როგორ ამუნათებდა ამ პარტიებს ენმ და მათ პარტნიორებს კი არა პარწნიუკებს ეძახდა,"- განაცხადა რატი იონათამიშვილმა. 

რატი იონათამიშვილის თქმით, სიების ჩახსნით ოპოზიციამ საკუთარ ამომრჩეველს უღალატა, დღეს უკვე აღიარებენ, რომ ეს იყო დიდი შეცდომა და ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რომ თავს უხერხულ მდგომარეობაში იგდებენ.

 

დღის ამბები