27 ნოემბერი 2024,   22:30
ვრცლად
მკვლელი სათამაშოები საქართველოში - ყოველი მეოთხე ტყვიას, ვერცხლისწყალს, დარიშხანს, კადმიუმს და სხვა მომწამვლელ ნივთიერებებს შეიცავს

გაერომ მსოფლიოს მასშტაბით სათამაშოების კვლევა ჩაატარა და საგანგაშო შედეგი გამოაქვეყნა, შემოწმებული სათამაშოების მეოთხედი ტოქსიკურია. საბავშვო ნივთები რომლებიც გაეროს ფონდმა ლაბორატორიულად შეამოწმა საქართველოშიც იყიდება. კვლევის მიხედვით ყველაზე ხშირ შემთხვევაში ბავშვის ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს პლასტმასის სათამაშოები შეიცავს.

კვლევებმა აჩვენა, რომ არც ბრენდი და არც მაღალი ფასი უსაფრთხოების გარანტია არ არის. გაერომ ბრენდულ და არაბრენდულ, ძვირფას და იაფფასიან ასობით სათამაშოში 419 დასახელების ტოქსიკური ნივთიერება აღმოაჩინა. ჩამონათვალშია - ტყვია და სხვა მძიმე მეტალები, ვერცხლის წყალი, დარიშხანი, კადმიუმი, ფტალატები და კიდევ ბევრი სხვა.

საშიში სათამაშოს ამოცნობა შეუიარაღებელი თვალით რთულია, თუმცა ეჭვის საფუძველს იძლევა ბავშვის საყვარელი ნივთის მკვეთრი ფერი.

საშიში სათამაშოებიდან ბავშვის ორგანიზმში გადასული ტოქსიკური ნივთიერებები კიდევ ბევრ დაავადებას იწვევს, ჩამონათვალი ვრცელია: მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები, განვითარების ჩამორჩენა, აუტისტური სპექტრის მოშლა, ონკოლოგიური დაავადებები, რეპროდუქციული დარღვევები და ალერგიული ჩვენებები. თუ მშობლები ვერ ამოიცნობენ საშიშ სათამაშოებს, შესაძლოა ამოიცნონ ბავშვის შეცვლილი ქცევა, რომელზეც პედიატრები საუბრობენ.

როგორც ირკვევა, ბავშვის განვითარებას უხარისხო სათამაშოებით თამაში აფერხებს, მაგრამ პატარისთვის ეს ნივთები მაინც აუცილებელია. რჩევა, რომლითაც მშობელი ბავშვს საშიში სათამაშოსგან გარანტირებულად დაიცავს, მსოფლიოში არ არსებობს, თუმცა სპეციალისტები გვირჩევენ, ნაკლებად ვათამაშოთ ბავშვები მკვეთრი ფერების რეზინისა და პლასტმასის სათამაშოებით და არჩევანი ხის პროდუქციაზე გავაკეთოთ.

დღის ამბები