27 ნოემბერი 2024,   22:56
ვრცლად
ლურჯ-ყვითელი დროშებით სავსე უკრაინა და ერთიანობის დღე - გზავნილი მსოფლიოს ომის ზღვარზე მყოფი ქვეყნიდან

უკრაინის ეროვნული სიმბოლო დღეს ქვეყნის ყველა ქუჩამ, ყველა შენობამ და ყველა სახლის აივანმა დაიტია. ლურჯ-ყვითელი დროშით მოქალაქეები დნეპრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროდან ერთიანობის დღემ შეკრიბა და გარეთ მთელი მსოფლიოსთვის იმის სათქმელად გამოიყვანა, რომ გამოცხადებული ომის ქრონიკები არ აშინებთ.

"უკრაინა ჯერ არ მომკვდარა"- დღეს ეს მხოლოდ ეროვნული ჰიმნის ტექსტი არ არის, არამედ უკრაინელი ხალხის მთავარი სათქმელია.

ერთმანეთის მხარდამხარ ასეულობით მოქალაქემ ოლიმპიურ სტადიონზე 200 - მეტრიანი დროშა გაშალა. ამობდნენ, რომ ომი მათი არჩევანი არ არის, რუსულ სამხედრო ინტერვენციას კი ერთობით დაუპირისპირდებიან.

16 თებერვალი, დღე როცა უკრაინა რუსეთისგან თავდასხმას ელოდა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ერთიანობის დღედ აქცია. თარიღმა რომელიც, უკრაინის უახლესი ისტორიის კალენდარზე მოინიშნა, ომის ზღვარზე მყოფი ქვეყანა გააერთიანა. უკრაინის მთავარსარდლის სამშვიდობო გზავნილი ერთადერთია - უკრაინელებმა იცხოვრონ მშვიდად და ბედნიერად. ვოლოდიმირ ზელენსკიმ საკუთარ მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ უკრაინა არის სახლი, სამშობლო, საიდანაც არ გარბიან.

რუსულმა ირონიულმა რიტორიკამაც არ დააყოვნა. საგარეო უწყების პრესსპიკერი ამჯერად ამერიკულ და ბრიტანულ მედიასაშუალებებს სთხოვს, უკრაინაში შეჭრის გრაფიკი გამოაქვეყნონ. რუსეთის ელჩი ევროკავშირში კი საერთაშორისო თანამეგობრობას არწმუნებს, რომ უკრაინაში შეჭრას არ გეგმავს, ვინაიდან ევროპაში ომების დასაწყებად რუსეთი ოთხშაბათს არ ირჩევს - ეს განცხადება რუსმა დიპლომატმა გერმანიის ტელეარხთან საუბრისას გააკეთა.

რუსული მედია კრემლის პრესსპიკერის განცხადებაზე დაყრდნობით იმასაც წერს, რომ ვლადიმირ პუტინი ითვალისწინებს სახელმწიფო სათათბიროს თხოვნას არაღიარებული რესპუბლიკების დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების შესახებ, მაგრამ ხაზგასმულია, რომ ეს ნაბიჯი მინსკის შეთანხებას ცდება.

ნატოს მოსკოვის არ სჯერა. დეესკალაციის მოლოდინიც აქვთ, თუმცა ალიანსში რუსეთისგან პროვოკაციულ ქმედებებს მაინც ელოდებიან. ნატოს ღია კარის პოლიტიკა რომ გრძელდება - ეს მინისტერიალის მთავარი გზავნილი იყო.

ოფიციალური ვაშინგტონი კვლავ სანქციებზე საუბრობს. ეს არის არჩევანის ომი, ომი უმიზეზოდ - ამერიკის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შესაძლებლობა ჯერ კიდევ ძალიან დიდია. თუმცა ჯო ბაიდენი დიპლომატიისთვის დატოვებულ სივრცესაც ხედავს.

საერთო ევროპული გამოწვევის პირისპირ, მაშინ როცა მსოფლიო ლიდერები ევროპაში სამშვიდობო პროცესების შესანარჩუნებლად ძალისხმევას არ იშურებენ, ომის საფრთხე კვლავ რეალურია. ჯერაც არავინ იცის, კონფლიქტის საფასური ომი იქნება თუ მშვიდობა.

დღის ამბები