27 ნოემბერი 2024,   22:55
ვრცლად
საკანალიზაციო მილში ნაპოვნი ჩვილის სასტიკი ისტორია - რატომ უმალავდა შვილის მკვლელობაში ბრალდებული ქალი ქმარს ორსულობის შესახებ 

განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულისთვის, 34 წლის დიანა კაზნაფეროვას ბრალი უკვე წარუდგინეს. რატომ გაიმეტა დედამ ახალშობილი უნიტაზში ჩასაგდებად და იყო თუ არა ის დაბადების დროს ცოცხალი, ამ კითხვებს გამოძიებამ უნდა უპასუხოს, საქმე 112-ე მუხლით აღიძრა, რაც დედის მიერ მშობიარობისას ან მშობიარობის შემდეგ, ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დაკავებული გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზადაა, თუმცა უცნობია აღიარებს თუ არა დანაშაულს.

ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ ქალის ფეხმძიმობის შესახებ არაფერი იცოდნენ. ფოთში მომხდარი საზარელი დანაშაულის სავარაუდო მოტივებზე, მხოლოდ მეზობლები საუბრობენ.

"კურიერი" დღეს სამტრედიის სოფელ ნინუაკუთხეშიც იმყოფებოდა, სადაც დაკავებული ქალის მეუღლის, გოგა ნინუას ოჯახი ცხოვრობს. რძლის ფეხმძიმობის შესახებ არც მათ იცოდნენ, მეტიც, ამბობენ, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არც ქალის ქმარს ჰქონია.

ქალმა ბინაში ექვსი დღის წინ იმშობიარა, სანტექნიკოსი ოთხი დღის წინ გამოიძახეს, თუმცა დევნილთა დასახლებაში ის ორი დღის დაგვიანებით მივიდა - სწორედ მან იპოვა ბავშვი საკანალიზაციო მილში.


ფოთში მხოლოდ ერთი სამშობიარო სახლია, იქ დიანა კაზნაფეროვა აღრიცხვაზე არ ყოფილა, კლინიკა "ბომონდში" მხოლოდ მშობიარობის შემდეგ მიიყვანეს, თუმცა უკვე ბადრაგის თანხლებით. ექოსკოპიური კვლევით დადასტურდა, რომ ქალმა 6 დღის წინ იმშობიარა.

არსებობს ვარაუდი, რომ დედას ნაადრევი მშობიარობა დაეწყო და ბავშვი გარდაცვლილი დაიბადა, - ამ ვერსიის ნამდვილობას ექსპერტიზა დაადგენს, თუმცა თუ გაირკვევა, რომ ახალშობილი საკანალიზაციო სისტემაში ჩაგდების დროს ცოცხალი იყო ბრალი დამძიმდება. აღკვეთის ღონისძიებაზე ფოთის რაიონული სასამართლო ხვალ იმსჯელებს.

ავტორი: სანდრო კაჭახიძე. 

დღის ამბები