27 ნოემბერი 2024,   22:29
ვრცლად
პედოფილიის მძიმე შემთხვევა, რომლის მსხვერპლი 10 წლის გოგონაა - რას ყვება ბავშვი ნათესავ მამაკაცზე, რომელიც ბაბუად ეკუთვნის 

პედოფილიის კიდევ ერთი მძიმე ფაქტი საქართველოში - მსხვერპლი 10 წლის გოგონაა. მოძალადე კი, ნათესავი მამაკაცი, რომელიც ბავშვს ბაბუად ეკუთვნის. 

ფაქტები მძიმეა - მსჯავრდებული ბრალს არ აღიარებს, მისი ადვოკატი კი, აცხადებს, რომ მტკიცებულებები არ არსებობს, თუმცა ადასტურებს, რომ დაზარალებულის ოჯახს დიდი ფული გადაუხადეს.

საქმეში დევს ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც 10 წლის გოგონას ტანსაცმელზე მსჯავრდებულის ბიოლოგიური მასალა აღმოაჩნდა.

ადგილობრივებს პედოფილიის სავარაუდო საქმეზე საუბარი უჭირთ, თუმცა "კურიერისთვის" ცნობილი გახდა არასრულწლოვანის ჩვენება, სადაც ის ნათესავი მამაკაცის მხრიდან სექსუალური ძალადობის დეტალებს აღწერს.

საქმის სიმძიმიდან და ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, "რუსთავი 2" კონკრეტულ მტკიცებულებებს არ ასაჯაროებს. ბრალის დადგენილებით ირკვევა, რომ 65 წლის მამაკაცმა ნათესავის ოჯახი, მათ შორის არასრულწლოვანი გოგონა საკუთარ აგარაკზე დასასვენებლად დაპატიჟა. მოგვიანებით კი, სწორედ ამ აგარაკზე გოგონას მიმართ მუქარის გზით, სექსუალურად იძალადა.

მსჯავრდებულის ახლობლები, 65 წლის მამაკაცის უდანაშაულობაში დარწმუნებულნი არიან. ამბობენ, რომ ის ამ დრომდე არასრულწლოვნების მიმართ რაიმე სახის გარყვნილ ქმედებაში შემჩნეული არასდროს ყოფილა.

"კურიერის" ინფორმაციით, მსჯავრდებულმა სასამართლო პროცესზე დაადასტურა, რომ 10 წლის ბავშვს ნამდვილად აკოცა და ჩაეხუტა, თუმცა მისივე თქმით, სექსუალური ძალადობის განზრახვა არ ჰქონია. 65 წლის მამაკაცმა უარყო დაზარალებული გოგონას მიერ აღწერილი სექსუალური ძალადობის სამივე ეპიზოდი და განაცხადა, რომ არასრულწლოვანს მხოლოდ მადლიერების ნიშნად აკოცა.

მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტიზამ დაზარალებული გოგონას შარვალზე მსჯავრდებულის ბიოლოგიური მასალა აღმოაჩინა, ადვოკატი ირწმუნება, რომ საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს. "კურიერთან" ინტერვიუში ადვოკატი ამბობს, რომ მომხდარის შემდეგ მსჯავრდებულის ოჯახმა დაზარალებული გოგონას მშობლებს სოლიდური თანხა გადაუხადა.

დაცვის მხარის პოზიცია საკმარისად დამაჯერებელი არ აღმოჩნდა სასამართლოსთვის, რომელმაც სრულად გაიზიარა პროკურატურის მოთხოვნა და არასრულწლოვნის მიმართ სექსუალურ ძალადობაში მხილებულ მამაკაცს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს, დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. საქმის განხილვაც ახლა უკვე მეორე ინსტანციაში გაგრძელდება.

დღის ამბები