რა ხდება უკრაინაში და რას პასუხობს კიევი მოსკოვის განცხადებას, რომელიც ირწმუნება, რომ რუსულმა სამხედრო დანაყოფებმა წვრთნების შემდეგ, საწყის პოზიციებზე დაბრუნება დაიწყეს, შეცვლის თუ არა ეს მოცემულობას. "კურიერი" მოვლენებს უკრაინის დედაქალაქში აკვირდება.
რუსეთის დუმის დეპუტატებმა უკვე ღიად მიმართეს ვლადიმირ პუტინს, რომ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიაროს. ამის პარალელურად უკრაინის რადას დეპუტატები მუშაობენ სანქციების პაკეტზე, რომელიც გულისხმობს სანქციების დაწესებას იმ დეპუტატებისთვის, რომლებმაც ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების ინიციატივა წამოაყენეს ან მხარს უჭერენ. კიევში იმედოვნებენ, რომ რუსეთი ამ ნაბიჯზე არ წავა, რადგან ეს ნიშნავს მინსკის შეთანხმებიდან გასვლას, რაც რუსეთს ამ ეტაპზე არ უნდა აწყობდეს.
როგორც უკრაინელი ანალიტიკოსი ანდრეი ზოლოტარევი მიიჩნევს, რუსეთმა სამხედრო ძალის გამოყენების გარეშეც დიდი ზიანი მიაყენა უკრაინას, მათ შორის ქვეყნის ეკონომიკას - შეიზღუდა ფრენები, გავიდნენ ინვესტორები და ასე შემდეგ.
"პუტინმა ომი არ დაიწყო თუმცა უკრაინას ზიანი უკვე მიადგა, რაც გამოიხატება ეკონომიკური კრიზისით და ფრენების შემცირებით,"- განაცხადა ზოლოტარევმა. ანალიტიკოსის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი სამხედრო ძალების წვრთნების შემდეგ უკან გაყვანაზე საუბრობს, ამ ძალის ნახევარს მაინც ადგილზე ტოვებს, ზოლოტარევს უკრაინის ინტერესების დასაცავად მინსკის ფორმატის ეფექტიანობაც აეჭვებს.
როგორც ჩანს, რუსეთიდან მომდინარე საფრთხემ იმოქმედა უკრაინის დეპუტატების და მაღალჩინოსნების ნაწილზე და მათ ოჯახებით დატოვეს ქვეყანა. ქვეყნიდან წასულ მაღალჩინოსნებს გვიან ღამით მიმართა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ქვეყანაში სასწრაფოდ დაბრუნებისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით დაემუქრა.