14 თებერვალს კალიფორნიაში, სოფაის სტადიონზე პროფესიონალურ ამერიკულ ფეხბურთში ეროვნული საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატი, "სუპერბოული" გაიმართა. მას ყოველწლიურად როგორც ამერიკის, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით გულშემატკივარი ადევნებს თვალს.
მაყურებელი ტრადიციულად ღონისძიების სპორტული ნაწილის გარდა წლიდან წლამდე სუპერ ბოულის შესვენების შოუს ელოდება. ეს არის ღონისძიება, სადაც მხოლოდ საუკეთესოთა შორის საუკეთესო შემსრულებლები ხვდებიან, თუმცა ყველასთვის განსაკუთრებული სიურპრიზი სცენაზე მოულოდნელად ლეგენდარული რეპერის, 50 cent- ის გამოჩენა იყო, რომელმაც მისი საკულტო ჰიტი, in da club შეასრულა.
Super Bowl-ის შესვენების შოუ, როგორც წესი დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში გრძელდება და ასევე ტრადიციულად ეს 15 წუთიანი სანახაობა მთელი მსოფლიოსთვის იმ წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. სხვადასხვა დროს, "სუპერბოულის" სცენაზე ისეთი ლეგენდარული შემსრულებლები გამოსულან, როგორებიცაა ჯგუფი როლინგ სტოუნსი, პრინცი, დაიანა როსი, მაიკლ ჯექსონი, მადონა, ბიონსე და სხვა.
"სუპერბოულის" შოუ ყოველთვის გამოირჩევა სიბრჭყვიალით, განათების სპეცეფექტებითა და ვარსკვლავების მიერ შექმნილი განსაკუთრებული მუხტით. ასევე მაყურებელთა დიდი ნაწილი "სუპერბოულის" სარეკლამო ჭრებს ელოდება, რომელიც ყოველ წელს გამორჩეულია და მიმდინარე წლის ტენდენციებს ზუსტად ასახავს. წელს განსაკუთრებით დიდი დრო კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ სარეკლამო რგოლებს დაეთმო. ისტორიულად, სარეკლამო დროის ფასი "სუპერბოულის" მატჩზე, მრავალრიცხვოვანი მაყურებლის დაინტერესებიდან გამომდინარე, მსოფლიო სარეკლამო ინდუსტრიაში ყველაზე ძვირადღირებულად და ამავდროულად ყველაზე მომგებიანად მიიჩნევა.
წლევანდელ წელს სარეკლამო დროის ფასმა რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს მიაღწია, 30 წამიანი სარეკლამო დროის საშუალო ღირებულებამ 7 მილიონი დოლარი შეადგინა. ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების ღირებულება კი 4000 დოლარიდან იწყებოდა და VIP ბილეთების ფასი 75 000 დოლარამდეც აღწევდა.
საფეხბურთო ლიგის ყოველწლიურ ჩემპიონატი სტარტს 1967 წლიდან იღებს და ის ამერიკაში ყველაზე მნიშვნელოვან სპორტულ მოვლენად და ფაქტობრივად ეროვნულ დღესასწაულად მიიჩნევა.