27 ნოემბერი 2024,   22:55
ვრცლად
სად დასაქმდებიან სოციალურად დაუცველები - 1-ლი მარტიდან სახელმწიფო შემწეობის მქონე 200 000 მოქალაქის დასაქმება იწყება

სად დასაქმდებიან სოციალურად დაუცველები - პრემიერის ინიციატივის ახალი დეტალები.

საზოგადოებრივი სამუშაოები სპეციალურად სამიზნე ჯგუფებისთვის შეიქმნება და ისეთ სამუშაოებს გულისხმობს, რომლის შესრულებაც ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია. ამ პროგრამით ისარგებლებენ 18 წლიდან საპენსიო ასაკამდე სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირები, რომელთაც არ აქვთ მინიჭებული შშმ სტატუსი ან არ აქვთ ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები. 

პირველი მარტიდან სახელმწიფო შემწეობის მქონე 200 000 მოქალაქის დასაქმება იწყება. პროგრამა სამიზნე ჯგუფებისთვის სპეციალურად იქმნება და ისეთ სამუშაოს გულისხმობს, რომლის შესრულებაც ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია.

600 000 სოციალურად დაუცველი მოქალაქიდან 200 000-ზე მეტი შრომისუნარიანია. პროექტის მასშტაბებზე პრემიერ-მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ შრომისუნარიან ადამიანებს სჭირდებათ არა მხოლოდ შემწეობა, არამედ დასაქმება და საკუთარი თავის რეალიზება.

დღეის მდგომარეობით, 50 000 სამუშაო ადგილია მობილიზებული. პროცესში ჩართულია, როგორც ეკონომიკის სამინისტრო, ასევე ჯანდაცვის უწყება. მინისტრები განმარტავენ, რომ ახალი პროგრამით სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ეკონომიური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების შემთხვევაში ოჯახს სოციალური დახმარებაც 4 წლის განმავლობაში შეუნარჩუნდება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მოსარგებლეს შემწეობა გაუგრძელდება მაშინაც თუ ის არ დათანხმდება არცერთ შეთავაზებას, მაგრამ ერთი წლის შემდეგ მისი სოციალურ -ეკონომიური მდგომარეობა გადამოწმდება.

მთავრობამ პროგრამაზე მუშაობა გასული წლის ნოემბერში დაიწყო. მინისტრთა კაბინეტში განმარტავენ, რომ ევროპის ქვეყნებში არსებული პრაქტიკა შეისწავლეს და ამ მაგალითების გათვალისწინებით პროგრამის განხორციელების მზაობაც არსებობს.

დღის ამბები