27 ნოემბერი 2024,   22:40
ვრცლად
სირცხვილია "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობა - ასე მიმართა "ქართულმა ოცნებამ" ზუგდიდის საკრებულოს ახლად არჩეულ თავმჯდომარეს 

ზუგდიდის საკრებულო მესამეა, სადაც გახარიას პარტიის წევრი თავმჯდომარე ხდება. 

მმართველი პარტია კენჭისყრაში არ მონაწილეობს, წინასწარ შეთანხმებული "ნაციონალური მოძრაობა " და პარტია "საქართველო" კი, თავმჯდომარეს ირჩევს.

"სირცხვილია "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობა" - ასე მიმართა "ქართულმა ოცნებამ" თავისი ყოფილი პრემიერის პარტიას, რომელმაც საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი ყოფილი მმართველი პარტიის მხარდაჭერით მიიღო.

ზუგდიდის საკრებულოში "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" 22 მანდატი აქვს, "ქართულ ოცნებას" კი 20. იმის გამო, რომ უმრავლესობა ვერც ერთს ვერ აგროვებს, ჯოკერი წალენჯიხისა და რუსთავის შემდეგ ისევ პარტია "საქართველოს" ხელში აღმოჩნდა, რომელსაც ზუგდიდში მხოლოდ 3 დეპუტატი ჰყავს.

ზუგდიდის საკრებულოს ახლად არჩეულ თავმჯდომარეს ამ სავარძლის დაკავება ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მოუწია. სხდომაზე მივიდნენ 20 ივნისის დაზარალებულები და ზუგდიდის ერთ-ერთი სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი. ისინი ყოფილი პრემიერის გუნდის წევრის თავმჯდომარედ არჩევას აპროტესტებდნენ და მისგან ითხოვდნენ პასუხებს იმ გახმაურებულ საქმეებზე, რომელიც გიორგი გახარიას ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს უკავშირდება. 

ორი თვის დაგვიანებით არჩეულ საკრებულოს თავმჯდომარეს მუნიციპალური კრიზისი დასრულებულად მიაჩნია და ახლა კოლეგებისგან თანამშრომლობას ელის. გახარიას გუნდის წევრს, გიგა ფარულავას, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატების მხარდაჭერა უკვე აქვს. ზუგდიდის 45  წევრიან საკრებულოში ის 25-მა დეპუტატმა აირჩია, აქედან 22 ხმა "ნაციონალური მოძრაობის" ბალანსზეა. 

სხდომაზე იყვნენ, თუმცა ,"ნაციონალური მოძრაობისგან" გასხვავებით კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს "ქართული ოცნების" წევრებმა. მმართველ გუნდს ზუგდიდის საკრებულოში 20 მანდატი აქვს. ფრაქცია "ქართული ოცნების" დეპუტატები ოპოზიციაში გადასული პარტიების პოლიტიკურ ქორწინებაზე აკეთებენ აქცენტს და აკვირვებთ მათი პოლიტიკური აწმყო. 

სანამ დეპუტატები ზუგდიდში შეიკრიბებოდნენ და სხდომას ჩაატარებდნენ, პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა დედაქალაქში. ბრიფინგზე, გიორგი გახარიას პარტიამ "ქართულ ოცნებას" თანამშრომლობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. მათ კი მმართველმა პარტიამ ისევ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ალიანსი შეახსენა 

ახალი თავმჯდომარე საკრებულოს მორიგ სხდომას ზუსტად ერთ კვირაში ჩაატარებს. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ საკრებულოს ხელმძღვანელის არჩევას ზუგდიდელები თითქმის ორი თვის განმავლობაში ცდილობდნენ, საქმე კენჭისყრის პროცედურამადე კი დღეს პირველად მმართველი გუნდის გარეშე და მხოლოდ ოპოზიციის მონაწილეობით მივიდა. წალენჯიხისა და რუსთავის შემდეგ, ზუგდიდი მესამე ქალაქი გახდა, სადაც საკრებულოს გიორგი გახარიას გუნდის წევრი უხელმძღვანელებს.

დღის ამბები