საფრანგეთი და ვიეტნამი იმ ქვეყნების რიგს უერთდებიან, რომლებიც მოგზაურებისთვის რეგულაციებს ამსუბუქებენ. საფრანგეთში სრულად აცრილ ადამიანებს ქვეყანაში შესასვლელად კოვიდ ტესტის გაკეთება აღარ მოუწევთ. ვიეტნამში კი, ხვალიდან საერთაშორისო მოგზაურები დაუბრკოლებლად შეძლებენ შესვლას. აღდგება გაუქმებული საერთაშორისო ფრენებიც.
შეზღუდვების შემსუბუქების საკითხს განიხილავენ გერმანიაშიც, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად მცირდება. სამთავრობო კოვიდ ექსპერტთა პანელის რეკომენდაციით, გადაწყვეტილებას გერმანიის მთავრობა ოთხშაბათს მიიღებს.
ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სამხრეთ კორეა საზოგადოებას ვაქცინის მეოთხე დოზას შესთავაზებს. თავდაპირველად, დამატებითი ბუსტერ დოზით რისკ-ჯგუფები აიცრებიან, მოგვიანებით კი მეოთხე დოზით იმუნიზაცია ზრდასრული მოსახლეობისთვისაც გახდება შესაძლებელი.
ვაქცინის მეოთხე დოზის შეთავაზებას გეგმავს შვედეთიც. ექსპერტების რჩევით ქვეყანაში მეოთხე დოზით 80 წელს გადაცილებული მოქალაქეები აიცრებიან. შვედეთი პირველია იმ ქვეყნებს შორის, რომელმაც მაღალი იმუნიზაციის ფონზე პანდემია დასრულებულად გამოაცხადა და რეგულაციები გააუქმა.
ქვეყნებში რეგულაციების შემსუბუქების ფონზე, ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელია ჰონგ-კონგში, სადაც ვირუსის სწრაფად გავრცელების გამო სკოლები 2 კვირით დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ.
ავტორი: თიკო ცერცვაძე.