27 ნოემბერი 2024,   22:35
ვრცლად
არსებობს ყველა საკანონმდებლო საფუძველი იმისათვის, რომ პარლამენტმა მანდატების შეწყვეტაზე გადაწყვეტილება მიიღოს - არჩილ თალაკვაძე

ვის შეუჩერდება საპარლამენტო მანდატი - საკითხზე "ქართული ოცნება" უმრავლესობის სხდომას მართავს.

პარლამენტში შეკრებამდე, სახელისუფლებო პარტიის წევრები საბოლოოდ შეაჯერებენ პოზიციებს, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ელენე ხოშტარიასთვის, შალვა ნათელაშვილისა და ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე.

მანამდე კი, მმართველ გუნდში განმარტავენ, თუ რატომ არ არის მანდატების შეწყვეტის საკითხი კანონთან წინააღმდეგობაში:

"იმ ოპოზიციონერების მხრიდან, რომლებიც თვეების განმავლობაში, "ქართულ ოცნებას" აკრიტიკებდნენ იმისათვის, რომ რატომ არ გვიწყვეტთ მანდატებსო, დღეს საპირისპიროზე საუბრობენ და ამბობენ, რომ თუ სრული სამართლებრივი საფუძვლებით ჩვენ ვიმსჯელებთ მანდატების შეწყვეტაზე, ეს პოლიტიკური დევნა იქნებაო. ეს აბსურდია, არავითარი პოლიტიკური დევნა აქ არ არის. სიმართლე არის ის, რომ არსებობს ყველა საკანონმდებლო საფუძველი იმისათვის, რომ პარლამენტმა მანდატების შეწყვეტაზე გადაწყვეტილება მიიღოს," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე.

"ქართული ოცნების" წევრის ალუდა ღუდუშაურის განცხადებით კი, ხოშტარია, ჯაფარიძე და ნათელაშვილი, ხალხის მიერ მინიჭებულ მანდატებს აბუჩად იგდებდნენ:

"სრულიად ნათელია მოცემულობა ჯაფარიძესთან მიმართებაში, როდესაც დანაშაულებრივი ქმედება განიზრახა, უნდა ეთქვათ მისთვის, რომ მთელი მისი ქმედებები არ შეესაბამებოდა პარლამენტის მანდატს. ისინი აბუჩად იგდებდნენ ხალხის მიერ მიცემულ მანდატებს. რაც შეეხება ხოშტარიას, ამ ადამიანს საერთოდ არ უნდოდა პარლამენტარობა და გაუგებარია ვინ აიძულა ის. მე ვერ მოვისმინე ვერცერთი ოპონენტისგან რაიმე არგუმენტი, რომ მათთვის მანდატების შეჩერება რაიმე წინააღმდეგობაა კანონთან," - აღნიშნავს ალუდა ღუდუშაური. 

დღის ამბები