27 ნოემბერი 2024,   22:30
ვრცლად
ყველა უკრაინელს აქვს უფლება მშვიდობიან გარემოში იცხოვროს - უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს დღეს მსოფლიო პატრიარქიც გამოეხმაურა

რას აკეთებენ დემოკრატიული ქვეყნების ლიდერები უკრაინაში სიტუაციის დეესკალაციისთვის და როგორია გზავნილები რუსეთის მიმართ საომარი მოქმედებების დაწყების შემთხვევაში. ბუნებრივია აქ განსაკუთრებული როლი ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს. ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ჯო ბაიდენი ამჯერად ზელენსკისთან არის ხაზზე. სატელეფონო საუბრის დაგეგმვის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

ჯეიკ სალივანმა რუსეთ-უკრაინის საზღვრებთან მიმდინარე დაძაბულ პროცესებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ ბაიდენის მრჩეველი, რუსეთის მხრიდან ვითარების უეცარი ესკალაციის საფრთხეს კვლავ არ გამორიცხავს. სალივანის თქმით, პუტინმა სამხედრო ძალის ამოქმედება შესაძლოა ნებისმიერ დროს გადაწყვიტოს. მიუხედავად ამისა, ადმინისტრაციის წარმომადგენელი არც იმას გამორიცხავს, რომ რუსეთმა კვლავ დიპლომატიური მოლაპარაკებების გზა განაგრძოს. 

დაძაბული სამხედრო და პოლიტიკური ვითარების ფონზე, უკრაინიდან მოქალაქეების გაყვანას აგრძელებს საერთაშორისო თანამეგობრობის ნაწილი. გარდა ამისა, საკუთარ დამკვირვებლებს კონფლიქტურ ზონებს ატოვებინებს ეუთოც. ერთ-ერთი ბოლო, ვინც მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი იყო. 

ეუთოს გადაწყვეტილებას შტატების პოლიტიკის გაგრძელება უწოდა მარია ზახაროვამ. რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერი ამტკიცებს, რომ დასავლეთის ქმედებებს ობიექტური საფუძველი არ აქვს. 

ხვალიდან უკრაინის ცაზე კომერციულ ფრენებს აჩერებს ნიდერლანდების სამეფოს ავიახაზებიც. კომპანიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ავიახაზების გადაწყვეტილება უსაფრთხოების კუთხით პრევენციული ნაბიჯია.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს დღეს მსოფლიო პატრიარქიც გამოეხმაურა. ბართოლომეო პირველმა მართლმადიდებლურ სამყაროს სიმშვიდისკენ მოუწოდა და თქვა, რომ ყველა უკრაინელს აქვს უფლება მშვიდობიან გარემოში იცხოვროს. 

ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების ბოლო სატელეფონო საუბრის დეტალები გაასაჯაროვა თეთრმა სახლმაც. ოფიციალური ვაშინგტონის ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა პუტინი უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, დასავლეთის მხრიდან მოსალოდნელ მკაცრი რეაქციის შესახებ გააფრთხილა. დიალოგის შინაარსზე ისაუბრეს რუსეთშიც. კრემლის საგარეო პოლიტიკის მრჩეველი აცხადებს, რომ მოსკოვს დასავლეთის პასუხზე უსაფრთხოების წინადადებებთან დაკავშირებით რეაგირება მალე ექნება. 

მოსალოდნელი კონფლიქტის გადაჭრის რა შეთავაზებები გაუკეთა ბაიდენმა პუტინს, სავარაუდოდ ამერიკის პრეზიდენტისა და ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს გამართული სატელეფონო საუბრის შინაარსის გასაჯაროების შემდეგ გახდება ცნობილი.

დღის ამბები