27 ნოემბერი 2024,   22:49
ვრცლად
მმართველი პარტია ქალთა ორგანიზაციას აფუძნებს - "ქართული ოცნების" ლიდერებმა ქვეყნის მასშტაბით საორგანიზაციო შეხვედრები უკვე დაიწყეს

მმართველი პარტია ქალთა ორგანიზაციას აფუძნებს. ამ ინიციატივის და პარტიაში დაგეგმილი სტრუქტურული სიახლეების შესახებ განცხადება დღეს პარტიის თავმჯდომარემ გააკეთა. დღესვე გაიმართა საორგანიზაციო შეხვედრები ქვეყნის რამდენიმე რეგიონში, სადაც საუბარი სწორედ პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალების მეტ ჩართულობას და ამ მხრივ პარტიის გაძლიერებას ეხებოდა."ქართული ოცნების" ლიდერები აღნიშნავენ, რომ ეს ინიციატივა პირველ რიგში ევროპული პრაქტიკით არის ნაკარნახევი. ამასთან, პარტიაში მიიჩნევენ, რომ მათი ინიციატივა არამხოლოდ ქალთა ჩართულობას გაზრდის პოლიტიკაში, არამედ ხელს შეუწყობს საზოგადოებაში ქალების უფლებების მეტად დაცვას და მათი ინტერესების რეალიზებას.

მმართველი პარტიის მიერ გაჟღერებულ ახალ ინიციატივას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დროულს უწოდებენ და ფიქრობენ, რომ ქალი პოლიტიკოსების გააქტიურება პოლიტიკურ ველზე მნიშვნელოვანია. ორგანიზაციის მიზანი ერთია, ქალების როლის და მათი ჩართულობის გაზრდა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში. "ქართული ოცნების" ლიდერებმა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაიწყეს საორგანიზაციო შეხვედრები. ერთ-ერთი პირველი ლოკაცია მცხეთა-მთიანეთი იყო, სადაც შეჯერდა პოზიციები ორგანიზაციის დაფუძნების ვადებსა და დამფუძნებელი ყრილობის ჩატარებასთან დაკავშირებით.

მცხეთა-მთიანეთის მსგავსად საორგანიზაციო შეხვედრა გაიმართა შიდა ქართლშიც. განხილვის და საუბრის მთავარი თემა სამომავლო სტრატეგიას შეეხო. 

შეხვედრების ერთ-ერთი ბოლო ლოკაცია კი სამცხე-ჯავახეთი იყო. ბორჯომში გამართულ შეხვედრის დასრულების შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობების ქალი წარმომადგენლები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ ახალი ინიციატივა, რაც თავის მხრივ გულისხმობს კონფერენციების, ტრენინგების ჩატარებას, ხელს შეუწყობს ქალი პოლიტიკოსების ცოდნის ამაღლებას და ახალი უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

ქალთა ორგანიზაციის დაფუძნების შესახებ გადაწყვეტილება "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ გააჟღერა. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ქალი პოლიტიკოსებისთვის ეს იქნება ახალი პლატფორმა და შესაძლებლობა კარიერული წინსვლისთვის, რაც სამომავლოდ გაზრდის ქალი პოლიტიკოსების წარმომადგენლობას, როგორც საკანონმდებლო ისე აღმასრულებელ ხელისუფლებაში. 

ერთ თვეში "ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელი ეროვნული კონფერენცია გაიმართება, რომელიც აირჩევს ორგანიზაციის გამგეობას და საქალაქო და რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს.

დღის ამბები