რუსეთში სასამართლომ 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა სკოლის 16 წლის მოსწავლეს, ნიკიტა უვაროვს ქალაქ კანსკიდან. არასრულწლოვანს ტერორისტული საქმიანობისთვის მომზადების გავლა ბრალდება. საქმეზე კიდევ ორი ბრალდებული არასრულწლოვანი გამოძიების ხელშეწყობისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლეს.
მოზარდებს ბრალი ედებათ ასაფეთქებელი ნივთიერებისა და ბროშურების შენახვაში, რომლებიც ტერორისტულ ქმედებებისკენ მოწოდებებს შეიცავენ.
სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
პირველ სასამართლო სხდომაზე 16 წლის ნიკიტა უვაროვმა განაცხადა: "მე ვარ ბავშვი, რომელსაც სურდა მეგობრობა და მეგობრებთან ურთიერთობა. მე არ ვარ ტერორისტი". მან იგივე გაიმეორა თავის ბოლო გამოსვლაშიც.
"თუ მომისჯიან, სუფთა სინდისითა და ღირსებით მოვიხდი სასჯელს. მშვიდად ვიქნები, რადგან ჩემი მეგობრებისთვის ცუდი არასდროს მისწავლებია, ჩვენ თანასწორები ვიყავით და უბრალოდ ვმეგობრობდით," - თქვა მან სამშაბათს სასამართლო სხდომაზე.
რუსი მოზარდების წინააღმდეგ საქმე ორი წლის წინ დაიწყო, როდესაც ისინი 14 წლის იყვნენ.
2020 წლის ზაფხულში 3 კანსკელი მოსწავლე დააკავეს ქალაქში ფურცლების გაკვრისთვის, რომელშიც მოსკოველი სტუდენტის და ანარქისტის - აზატ მიფტახოვისადმი მხარდაჭერა იყო გამოხატული. მიფტახოვი ბრალდებულია "ერთიანი რუსეთის" ოფისის დაწვის მცდელობაში. ერთ-ერთი ფურცელი მოსწავლეებმა ადგილობრივი ФСБ-ს ოფისზეც გააკრეს.
დაკავების შემდეგ, სამართალდამცავებმა მიიღეს წვდომა სკოლის მოსწავლეების ტელეფონებსა და კორესპონდენციებზე და გაარკვიეს, რომ მათ ააგეს ФСБ-ს შენობა კომპიუტერულ თამაშ "მაინკრაფტში" და გეგმავდნენ მის ვირტუალურ აფეთქებას.
გამომძიებლებმა სავარაუდოდ გაარკვიეს ისიც, რომ სკოლის მოსწავლეებს უყვარდათ ქიმია, უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდათ რუსეთის ხელისუფლების მიმართ და ანარქიზმის კლასიკოსებს კითხულობდნენ.
ორმა მოსწავლემ ჩვენება თავისი მეგობრის ნიკიტა უვაროვის წინააღმდეგ მისცა.მოგვიანებით მოზარდებმა ჩვენება უკან წაიღეს და განაცხადეს, რომ უვაროვს გამოძიების მხრიდან ზეწოლის გამო დასწამეს ცილი. უვაროვმა აღიარებითი ჩვენებაზე უარი თქვა.
შედეგად სკოლის სამივე მოსწავლეს ჰქონდა ბრალი წაყენებული ტერორისტული თემის შექმნისა და ტერორისტული მომზადების გავლის გამო. ხოლო უვაროვს ამ ყველაფრის ორგანიზატორობა დაბრალდა.
ბრალდებას არ ეთანხმება დაკავებულის ადვოკატი ვლადიმირ ვასინი.
მოსწავლეებს ბრალდებოდათ ასაფეთქებელი ნივთიერებების დასამზადებლად მასალების შესწავლაც. გამოძიების განცხადებით, მათი ბინების ჩხრეკისას აღმოჩენილია ასაფეთქებელი ნივთიერებები. The Insider-ი წერდა, რომ ასაფეთქებელი ნივთიერებებად საგამოძიებო ორგანოებმა ჩათვალეს ავტოფარეხში ნაპოვნი რამდენიმე ბოთლი ბენზინი და ის, რომ სკოლის მოსწავლეები აკეთებდნენ და უშვებდნენ ხელნაკეთ ე.წ დიმოვუშკებსა და პეტარდებს.
ამის გამო ტერორიზმის მთავარ ბრალდებას ასაფეთქებელი ნივთიერებების შენახვის, დამზადებისა და ტრანსპორტირების შესახებ მუხლიც დაემატა, განუცხადა BBC-ს ადვოკატმა ვასინმა.
The Insider-თან საუბარში ვასინმა აღნიშნა, რომ თინეიჯერული და სასკოლო "ტერორიზმი" ძალიან პოპულარული გახდა რუსეთის სპეცსამსახურებსა და საგამოძიებო უწყებებში. ადვოკატის თქმით ამ კატეგორიის საქმეში მტკიცების სტანდარტი სასურველია საუკეთესო იყოს. ამასთან არასრულწლოვნის საქმეზე ნაფიცი მსაჯულების სასამართლოც არაა დაშვებული.