27 ნოემბერი 2024,   22:29
ვრცლად
პარლამენტის თავმჯდომარემ დიდ ბრიტანეთში ვიზიტი დაასრულა - დელეგაცია ადგილზე რჩება და შეხვედრებს განაგრძობს

პარლამენტის თავმჯდომარემ დიდ ბრიტანეთში ვიზიტი დაასრულა. შალვა პაპუაშვილი სამეფო ინსტიტუტის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

მთავარი თემები იყო რუსული აგრესია, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება.

"ნაყოფიერი ვიზიტი შედგა, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი დელეგაცია იყო პირველი უცხოური დელეგაცია, რომელიც პანდემიის პირობებში დიდი ბრიტანეთის ეწვია და ჩვენი ურთიერთობების განსაკუთრებულობას ხაზი ამ კუთხითაც გაესვა. შეხვედრებმა გვაჩვენა, რომ საქართველო არის გაერთიანებული სამეფოს ყურადღების ქვეშ, ჩვენ გვაქვს კარგი თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, ასევე საპარლამენტო დემოკრატიის განვითარების კუთხით. შეხვედრებისას ხაზგასმით აღინიშნა, რომ გაერთიანებული სამეფოსთვის მნიშვნელოვანია ჩვენს შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობები და ამ ურთიერთობის განვითარება,"- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ქართული დელეგაცია ადგილზე რჩება და შეხვედრებს განაგრძობს.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის თეონა აქუბარდიას თქმით, მათ გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტისას კიდევ ერთხელ მიიღეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ასევე, ნატოში გაწევრიანების მიმართ მხარდაჭერის დადასტურება.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საქართველოს დელეგაციის წევრებმა ბრიტანელ კოლეგებს რუსეთთან დაკავშირებულ პრობლემებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებასთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია.

"დიდი ბრიტანეთი ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფოა ნატო-ში და ჩვენი ნატო-ში ინტეგრაციის საკითხზეც გვქონდა საუბარი, თუ როგორ შეიძლება დავაჩქაროთ ეს პროცესი.  ასევე უკრაინის გარშემო მიმდინარე მოვლენებზეც. ჩვენ მათ გავაცანით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ძალიან მძიმე ვითარება და ის პოლიტიკა, რომელიც ოკუპაციიდან უკვე ანექსიის პოლიტიკაში გადადის. დაინტერესება საქართველოთი დიდ ბრიტანეთში ძალიან დიდია," - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

დეპუტატ ნინო წილოსნის თქმით, ისინი შეხვდნენ თემთა პალატის ქალთა და თანასწორობის კომიტეტის წევრებს. როგორც მან აღნიშნა საუბრისას გამოიკვეთა თუ რა პროგრესი აქვს საქართველოს ქალთა გაძლიერების მხრივ.

დღის ამბები