27 ნოემბერი 2024,   22:49
ვრცლად
საქპატენტი მაწვნის ქართული გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ განმარტებას აკეთებს

"საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი​" საქართველოს მიერ სომხეთისთვის "მაცუნის" დასახელებით რძის პროდუქტის ტრანზიტის აუკრძალვას ეხმაურება.

საქპატენტი განმარტავს, რომ მაწონს ქართული გეოგრაფიული აღნიშვნა აქვს.

"მაწონი"- ქართული გეოგრაფიული აღნიშვნაა. ეს ნიშნავს, რომ პროდუქტის განსაკუთრებული თვისებები და რეპუტაცია სწორედ ამ გეოგრაფიულ ადგილთან (საქართველოს ტერიტორიასთან) და ადამიანურ ფაქტორთან არის დაკავშირებული.

"მაწონი" - ძროხის, კამეჩის, თხის და, იშვიათად, ცხვრის რძისაგან, ან მათი ნარევისაგან მიიღება. რძის რძემჟავურ დუღილს წარმართავს საქართველოს ტერიტორიულ სივრცეში გამოყოფილი, ადგილობრივი რძემჟავა ბაქტერიების შტამებისაგან შემდგარი დედო. მაწვნის დამზადება საქართველოში, საოჯახო პირობებში, უხსოვარი დროიდან წარმოებს.

რა არის გეოგრაფიული აღნიშვნა? - ის ინტელექტუალური საკუთრების ერთ-ერთი ობიექტია და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების კონკურენტუნარიანობისა და ექსპორტის პოტენციალის ზრდის თვალსაზრისით მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს.

კანონმდებლობით აკრძალულია რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნის ნებისმიერი პირდაპირი ან არაპირდაპირი კომერციული გამოყენება ისეთ პროდუქციასთან კავშირში, რომელზეც არ ვრცელდება რეგისტრაცია. დაუშვებელია რეგისტრირებული სახელით ნებისმიერი ისეთი სარგებლობა, რომელიც იყენებს აღნიშნული გეოგრაფიული აღნიშვნის რეპუტაციას.

"მაწონი" სხვა ქართულ გეოგრაფიულ აღნიშვნებთან ერთად, ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე დაცულია ევროკავშირის, შვეიცარიისა და დიდი ბრიტანეთის ტერიტორიებზეც.

რეგისტრირებულ გეოგრაფიულ აღნიშვნაზე უფლებების დარღვევა იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას," - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

ცნობისთვის, როგორც ცნობილია საქართველომ სომხეთს "მაცუნის" დასახელებით რძის პროდუქტის ტრანზიტი აუკრძალა. სომხეთს "მაცუნის" სამარკო ნიშნით პროდუქტი საქართველოს გავლით რუსეთში გაჰქონდა. როგორც ცნობილია, აკრძალვა 2021 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდა და ამის მიზეზად ქართულმა მხარემ პროდუქტის სახელწოდების მსგავსება დაასახელა მაწონთან, რომლის დასახელებაც საქართველოს გეოგრაფიულ სავაჭრო ნიშნად აქვს დარეგისტრირებული.

დღის ამბები