27 ნოემბერი 2024,   22:56
ვრცლად
წარმოუდგენლად კომიკური შემთხვევა მოხდა სენაკის საკრებულოში, ენმ-სა და გახარიას პარტიის არითმეტიკით, სხდომა ქვორუმის გარეშე შედგა - მამუკა მდინარაძე

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, სპეციალური ბრიფინგით, გუშინ, სენაკის საკრებულოში მიმდინარე პროცესს გამოეხმაურა, სადაც საკრებულოს სხდომა კვორუმის არარსებობის მიუხედავად, მაინც გაიხსნა, რომელსაც "ქართული ოცნების" დეპუტატები არ ესწრებოდნენ. 

მამუკა მდინარაძემ ფაქტს კომიკური შემთხვევა უწოდა და "ნაციონალური მოძრაობა" და გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის" კოალიციაზე კიდევ ერთხე ისაუბრა: 

"21-ე საუკუნის საქართველოში, წარმოუდგენლად კომიკური შემთხვევა მოხდა, რომელიც უპრეცედენტოა, როგორც ცივილიზებული სამყაროს პოლიტიკის, ისე სამართლის ისტორიაში. საუბარია სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გუშინ მომხდარ ამბავზე, რომელიც იმდენად დაუჯერებელია, რომ შესაძლოა ვინმემ იფიქროს, რომ ეს ხუმრობაა. თუმცა, სენაკის საკრებულოში, რომლის შემადგენლობაშიც 33 დეპუტატია - "ნაციონალურმა მოძრაობამ" და მასთან შეზრდილმა გახარიას პარტიამ მიიჩნიეს, რომ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი გადაწყვეტილებები, მაგალითად საკრებულოს სხდომის გახსნა, არა ხმათა უმრავლესობით, არამედ საკრებულოს 16 დეპუტატის მონაწილეობითაც შეიძლება. ანუ, მათი არითმეტიკით, 16, 33-ის ნახევარზე მეტია. საკრებულოს სხდომის ჩატარების კანონით დადგენილი უფლება კი ასეთია - სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. კოალიციაში მყოფმა ორმა ოპოზიციურმა პარტიამ, არარსებული სხდომა კვორუმის გარეშე დაიწყეს და მიიღეს ე.წ. გადაწყვეტილებები. ეს იგივეა, რაც პარლამენტის სხდომის გახსნა 76 დეპუტატის დასწრების გარეშე.

ცივილიზებული სამყაროს მიერ აღიარებულ კანონს არ აღიარებენ "ნაციონალური მოძრაობისა" და გახარიას პარტიის წევრები, მათი ქმედებების ლოგიკით, 16 ტოლია ან მეტია 17-ის. ამ პარტიების ერთობლივი საქმიანობა, ვიცით უკვე, რომ ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ გულწრფელ გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ ამ ორ, ერთ ორგანიზმად ქცეულ პარტიაში ერთი ადამიანიც კი არ აღმოჩნდა ეთქვა, რომ ეს წარმოუდგენელი სიგიჟეა,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

დღის ამბები