27 ნოემბერი 2024,   22:28
ვრცლად
რას შეცვლის კახა კალაძის ახალი ინიციატივა უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით - თბილისის მერი პარლამენტს მიმართავს

თბილისის მერი პარლამენტს მიმართავს - კახა კალაძეს უკანონო მშენებლობების წინააღმდეგ კიდევ ერთი ინიციატივა აქვს. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილების მიიღებს, კომპანიის მიერ ჯარიმის ჩაუბარებლობის მიუხედავად, უკანონო მშენებლობის პროცესი მაინც შეჩერდება.

თბილისის მერის თქმით, კომპანიებმა ერთგვარი სქემა შეიმუშავეს და მშენებლები, რომლებიც უკანონოდ აწარმოებენ მშენებლობას, არ იბარებენ იურიდიული სამსახურის გადაწყვეტილებას. ასეთ შემთხვევაში კი მშენებლობის შეჩერების ბერკეტი არ არსებობს.

საკანონმდებლო ორგანო ცვლილებათა პაკეტის მომზადებაზე მუშაობას მალე დაიწყებს. უკვე ცნობილია, რომ ოპოზიციის ნაწილი ინიციატივას მხარს არ დაუჭერს. "გირჩში" მიაჩნიათ, რომ მშენებლობების ნებართვის გაცემისა და დაჯარიმების გადაწყვეტილებას მერია არ უნდა იღებდეს.

ოპონენტების მოსაზრებებს არ იზიარებენ დეპუტატები მმართველი გუნდიდან. უმრავლესობის წევრები მზად არიან ახალ კანონპროექტზე სამუშაოდ და ამისკენ კოლეგებსაც მოუწოდებენ. როგორც "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, უკვე განხორციელებული არაერთი რეფორმის მიუხედავად, პრობლემა კვლავ აქტუალურია და ის საკანონმდებლო ცვლილებებს მოითხოვს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, 2017 წლიდან დღემდე უკანონო მშენებლობასთან დაკავშირებული 4 200 შემთხვევაა დაფიქსირებული, სულ კომპანიებისთვის 82 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმაა გამოწერილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები