27 ნოემბერი 2024,   22:44
ვრცლად
უმძიმესი კადრები, რომელიც ნიკა კვარაცხელიას მკვლელობას ასახავს - ბრალდებულმა საკუთარ დანაშაულს განსასჯელის სკამიდან უყურა

22 წლის ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის საქმის სასამართლო პროცესზე დღეს სათვალთვალო კამერებით გადაღებული კადრები აჩვენეს. კადრები მკვლელობაში ბრალდებულმა აკო ჭელიძემ ოჯახთან ერთად ნახა. 

8 წუთიან ვიდეოში ჩანს, რომ ნიკოლოზ კვარაცხელია, რომელსაც გზავნილი უნდა აეღო, უცნობ მამაკაცს პირისპირ ხვდება, რამდენიმე წამში კი მას ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტ ტყვიას ესვრიან. კამერებმა დააფიქსირეს ჰიუნდაი ელანტრა, რომლითაც აკო ჭელიძე სამიზნე ობიექტამდე გიორგი კავილაძემ მიიყვანა. 

სანამ მკვლელობის ამსახველ ვიდეოს ჩართავდნენ, კავილაძემ, რომელიც წარდგენილ ბრალს არ აღიარებს, მოსამართლეს სთხოვა კადრები მის გარეშე ენახათ და დარბაზი დატოვა. 

ამ ვიდეოს ჩვენების წინააღმდეგი იყო დაცვის მხარე, რომელმაც 9 ტომიანი საქმიდან თითქმის ყველა მტკიცებულება უდავოდ სცნო, თუმცა, პროკურორმა მოსამართლე ჩანაწერის მნიშვნელობაში დაარწმუნა.

მანამდე, მოწმის სახით ბრალდებულის მეგობარი დაიკითხა, რომლის ჩვენებით გიორგი კავილაძე ბიზნესსაქმიანობის ფარგლებში, მკვლელობის დღეს ბორჯომში წასვლას მასთან ერთად გეგმავდა. ადვოკატების მტკიცებით, ეს ჩვენება ჯგუფურ დანაშაულს გამორიცხავს.

გასული წლის ყველაზე რეზონანსული მკვლელობის სხვა მონაწილეებს მიმდინარე გამოძიება ეძებს. დანაშაულის მოტივის დასახელებას კი ბრალდებულებისგან ელის. 

მტკიცებულებების უმრავლესობის უდავოდ ცნობის შემდეგ, აკო ჭელიძის და გიორგი კავილაძის მიმართ განაჩენი, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში დადგება. მანამდე კი, მათ სასამართლოს წინაშე ჩვენების მიცემა მოუწევთ. 

თბილისის ცენტრში, 15 სექტემბერს მოკლული ნიკოლოზ კვარაცხელიას საქმის განხილვას სასამართლო 18 თებერვალს გააგრძელებს.

დღის ამბები