27 ნოემბერი 2024,   22:48
ვრცლად
მერვედ ჩაშლილი კვორუმი და კვლავ თავმჯდომარის გარეშე დარჩენილი სენაკის საკრებულო - რა გახდა მხარეებს შორის დაპირისპირების მიზეზი

სენაკის საკრებულოში დღეს კვლავ ხმაური იყო - საკრებულოს სხდომა გაბრაზებულ დეპუტატებს არაერთხელ დაუტოვებიათ, თუმცა ფაქტი, რომ დარბაზს თვითმმართველი ორგანოს აპარატის წევრები ტოვებენ პრეცედენტულია. ამ შემთხვევაში, სენაკის საკრებულოს დეპუტატებმა, იურისტისა და სხვა თანამშრომლებს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა გააპროტესტეს. დაპირისპირების მიუხედავად, დეპუტატებმა მაინც იმსჯელეს დღევანდელი დისკუსიის მთავარ თემაზე - უნდა მიენიჭებინათ თუ არა უფლებამოსილება გიორგი გახარიას პარტიის წევრისთვის.

სხდომას "ქართული ოცნება" დღესაც არ დაესწრო. განცხადებებს კი, მიღებული გადაწყვეტილების არალეგიტიმურობაზე მმართველი გუნდის დეპუტატები, საკრებულოს შენობის გარედან აკეთებდნენ.

სენაკის საკრებულოს კრიზისულ საკითხზე მსჯელობა, დედაქალაქშიც დაიწყეს. სხდომის დაწყებამდე, გიორგი გახარიას გუნდმა, "ქართულ ოცნებას" მიმართა და პირობა დადო, რომ მმართველი პარტიის კანდიდატს, თუკი "ქართული ოცნება" მას წარადგენდა - მხარს დაუჭერდა.

შეთავაზებას მალევე გამოეხმაურნენ ადრესატებიც. "ქართულმა ოცნებამ" გახარიას გუნდს უარი უთხრა და კიდევ ერთხელ გააკეთა აქცენტი გიორგი გახარიას პარტიასა და "ნაციონალური მოძრაობის" თანამშრომლობაზე. 

სენაკის საკრებულო ამ დრომდე თავმჯდომარეს გარეშეა დარჩენილი. თუ უახლოეს მომავალში თვითმმართველი ორგანო ფუნქციონირებას არ დაიწყებს, ხელახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელი გახდება. დეპუტატების ნაწილი ბოიკოტის რეჟიმში რჩება, მეორე ნაწილს კი, პროცედურული საკითხების გასავლელად კვორუმისთვის საჭირო ხმების რაოდენობა არ ჰყოფნის.

დღის ამბები