27 ნოემბერი 2024,   22:43
ვრცლად
სასამართლო დარბაზში ამღერებული სააკაშვილი და თაკო ჩარკვიანის სკანდალი - ექსპრეზიდენტის მორიგი ბრალდებები განსასჯელის ტრიბუნიდან

​მიხეილ სააკაშვილმა საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე სასამართლო ტრიბუნა კვლავ პოლიტიკური განცხადებების გასაკეთებლად გამოიყენა. გამოსვლა კი, უკრაინის ეროვნული ჰიმნის შესრულებით დაასრულა.

9 მილიონამდე ლარის გაფლანგვაში დადანაშაულებულმა ექსპრეზიდენტმა, სასამართლო სხდომაზე ანალოგიური ბრალდებები სხვებს წაუყენა, მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირებს, პროკურორებსა და მოსამართლეებს. საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად, პატიმარი სააკაშვილი სასამართლოში ფოტოებით მივიდა.

ყოფილი პრეზიდენტის ბრალდებები დღეს ცხარე კამათის და დაპირისპირების მიზეზი გახდა. პროკურორები და მოსამართლე, მიხეილ სააკაშვილისგან მხოლოდ საქმეზე საუბარს მოითხოვდნენ.

პროკურორების კორუფციულ გარიგებაში დადანაშაულება გახდა "კანონის და სამართლის ლიდერის" დარბაზიდან გაძევების მიზეზიც. მოსამართლემ თაკო ჩარკვიანს ხმაურისათვის სხდომა დაატოვებინა.

კიდევ ერთი დაპირისპირების მიზეზი, მოწმის სტატუსით დაბარებული ანზორ ჩუბინიძე გახდა, რომელმაც ჩვენების მიცემაზე უარი თქვა. მისი არგუმენტებით გაღიზიანებულმა სააკაშვილმა კი, სხდომა დატოვა.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ამის შემდეგ ანზორ ჩუბინიძე სასამართლო პროცესიდან გავიდა, თუმცა მანამდე, მის წინამორბედს და ამავე დროს ბრალდებულ თემურ ჯანაშიას მოუსმინა.

საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეს საქალაქო სასამართლო პირველ მარტს დაუბრუნდება. პროცესი დაცვის მხარის მტკიცებულების განხილვით გაგრძელდება, თუმცა, დასაკითხ პირთა შორის ანზორ ჩუბინიძე აღარ იქნება.

 

ავტორი: სანდრო კაჭახიძე 

დღის ამბები