უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ალექსეი რეზნიკოვის ინფორმაციით, უკრაინამ დიდი ბრიტანეთისა და აშშ-სგან სამხედრო დახმარება მიიღო.
მინისტრის თქმით, უკრაინას აშშ-მ დახმარების სახით, 80 ტონა საბრძოლო ვაზნები გაუგზავნა. ამასთან, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დიდმა ბრიტანეთმა უკრაინის სახმელეთო ძალებს სხვადასხვა სახის აღჭურვილობა გადასცა. კერძოდ, ჯავშანჟილეტები, ჩაფხუტები და სხვა სამხედრო საჭიროების აღჭურვილობა.
უკრაინაში სამხედრო აღჭურვილობით დატვირთული თვითმფრინავები 8-9 თებერვალს ჩაფრინდნენ. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ვიაჩესლავ შაპოვალოვის განცხადებით, უკრაინა აფასებს პარტნიორების მხარდაჭერას და პრაქტიკულ მზადყოფნას, ერთობლივად დაიცვან უკრაინის დემოკრატიული ღირებულებები.
მისი თქმით, პარტნიორების მიერ გადაცემული აღჭურვილობით პირველ რიგში, სასაზღვრო რეგიონში განთავსებული სახმელეთო ძალების სამხედროები აღიჭურვებიან.
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა სამთავრობო სხდომაზე განაცხადა, რომ დღეის მდგომარეობით, უკრაინამ პარტნიორებისგან 1,5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება მიიღო.