27 ნოემბერი 2024,   22:53
ვრცლად
ოპონენტები აპოკალიფსის დახატვას ცდილობენ, მაგრამ აპოკალიფსი მათთვის დგება ყველა არჩევნებზე - რატი იონათამიშვილი

"ქართულ ოცნებაში" საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციის სკეპტიციზმს პასუხობენ.

მმართველი გუნდის ერთ-ერთი წევრი, სოზარ სუბარი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნათია თურნავა გუნდში რჩება, თუმცა, კონკრეტულად, რა თანამდებობაზე გააგრძელებს მუშაობას, არ აკონკრეტებს. 

"ნათია თურნავა არის ძალიან გამოცდილი გუნდის წევრი, ძალიან დიდი ხანია მუშაობს სწორედ სახელმწიფო უწყებებში და ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მას გაწეული სამუშაოსთვის - ის რჩება ჩვენი გუნდის წევრად და ახალ ადგილას დაიწყებს მუშაობას. ჯერ ჯერობით, თავს არ მივცემ უფლებას ვილაპარაკო სად იქნება. რაც შეეხება ლევან დავითაშვილს - მან, მრავალი წლის განმავლობაში, ჯერ, როგორც მინისტრის მოადგილემ, შემდეგ როგორც მინისტრმა მართლა სხვა დონეზე აიყვანა სოფლის მეურნეობის მიმართულებით ვითარება საქართველოში. დარწმუნებული ვარ, იმავეს გააკეთებს ეკონომიკის სამინისტროშიც, სადაც ასევე ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს გადასაწყვეტი.
რაც შეეხება ჩვენი ოპოზიციის წუხილებს - ეს წუხილები გაუგრძელდებათ მათ ძალიან დიდხანს,"- აცხადებს სოზარ სუბარი. 

რატი იონათამიშვილმა კი ოპონენტებს პასუხად არჩევნებზე განცდილი მარცხი შეახსენა. 

"ჩვენი ოპონენეტები ნებისმიერი გადაადგილების დროს აპოკალიფსის დახატვას ცდილობენ, მაგრამ აპოკალიფსი მათთვის დგება ყველა არჩევნებზე,"- აცხადებს რატი იონათამიშვილი. 

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას ლევან დავითაშვილი დაიკავებს, რომელიც იქამდე სოფლის მეურნეობის მინისტრის პოზიციას იკავებდა. ჯერ ჯერობით, უცნობია, თუ სად გადაიყვანენ ნათია თურნავას, რომელიც ამ ცვლილებების გამოცხადებამდე ეკონომიკის მინისტრის პოზიციას იკავებდა, თუმცა, "ქართულ ოცნებაში" ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ის გუნდში რჩება. 

ამასთან, დღესვე ცნობილი გახდა სოფლის მეურნეობის მინისტრის ვინაობა - პრემიერ-მინისტრმა გარემოს დაცვისა და  სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე ოთარ შამუგია წარადგინა, რომელიც 2020 წლიდან ამ დრომდე მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.

დღის ამბები