27 ნოემბერი 2024,   22:51
ვრცლად
ეკონომიკის აღდგენა მოვახერხეთ, თუმცა დიდი გამოწვევები გვაქვს ეკონომიკის სწრაფი განვითარების კუთხით - დავითაშვილი უწყების თანამშრომლებს შეხვდა

სოფლის მეურნეობის სამინისტროდან ეკონომიკის უწყებაში გადასული ლევან დავითაშვილი, ნათია თურნავამ თანამშრომლებს უკვე წარუდგინა. ყოფილმა მინისტრმა აღნიშნა, რომ მისთვის პატივი იყო ემსახურა ხალხისთვის განსაკუთრებით რთულ - კოვიდპანდემიის პერიოდში. 

"ძალიან დიდი პატივი იყო ამ პერიოდის განმავლობაში, ისეთ რთულ ვითარებაში მემსახურა ხალხისთვის როგორიცაა კოვიდპანდემია და ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომლის მიღწევაც შევძელით ყველამ ერთად, მთელმა ეკონომიკურმა გუნდმა 2021 წელს, მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა იყო ძალიან წარმატებული.

მე მოხარული ვარ, რომ ისეთი გამოცდილი, პატრიოტი კადრი, როგორიცაა ბატონი ლევან დავითაშვილი, ჩაუდგება სათავეში ამ სამინისტროს და, დარწმუნებული ვარ სამინისტროს წარმატებაში,"- განაცხადა ნათია თურნავამ

ლევან დავითაშვილის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ ეკონომიკის სამინისტროს პროფესიონალ გუნდთან ერთად ეკონომიკის სწრაფ განვითარებას, საზოგადოების მეტ დასაქმებასა და ინვესტიციების მოზიდვას შეძლებს. 

"მქონდა შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში იმ გუნდთან, რომელიც წლების განმავლობაში წარმატებით მუშაობს ეკონომიკის აღდგენაზე. ამ სამინისტრომ, განსაკუთრებით, კოვიდპანდემიის პირობებში, თავი გამოიჩინა ეკონომიკის მხარდაჭერით, ეკონომიკის აღდგენა მოვახერხეთ, თუმცა, გვესმის, რომ ძალიან დიდი გამოწვევები გვაქვს ეკონომიკის სწრაფი განვითარების კუთხით, თუმცა, დარწმუნებული ვარ, პროფესიონალ გუნდთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას და შევძლებთ იმ მთავარი ვალდებულებების შესრულებას, რაც მოსახლეობის მიმართ გვაქვს - ეს უკავშირდება ეკონომიკის განვითარებას, მეტ დასაქმებას, მეტი ინვესტიციების მოზიდვას,"- აცხადებს ლევან დავითაშვილი. 

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას ლევან დავითაშვილი დაიკავებს, რომელიც იქამდე სოფლის მეურნეობის მინისტრის პოზიციას იკავებდა. ჯერ ჯერობით, უცნობია, თუ სად გადაიყვანენ ნათია თურნავას, რომელიც ამ ცვლილებების გამოცხადებამდე ეკონომიკის მინისტრის პოზიციას იკავებდა, თუმცა, "ქართულ ოცნებაში" ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ის გუნდში რჩება. 

ამასთან, დღესვე ცნობილი გახდა სოფლის მეურნეობის მინისტრის ვინაობა - პრემიერ-მინისტრმა გარემოს დაცვისა და  სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე ოთარ შამუგია წარადგინა, რომელიც 2020 წლიდან ამ დრომდე მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები