27 ნოემბერი 2024,   22:51
ვრცლად
ბრიტანეთის პარლამენტის სპიკერთან ხაზგასმით ვისაუბრეთ უკრაინაში არსებულ ვითარებასა და საქართველოს პარლამენტის მტკიცე მხარდაჭერაზე - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარემ გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტი ბრიტანელ კოლეგასთან შეხვედრით დაიწყო. შეხვედრაზე უკრაინაში არსებულ ვითარებასა და საქართველოს პარლამენტის მხრიდან უკრაინის მიმართ მხარდაჭერაზე ისაუბრეს. რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და საქართველოს NATO-ში ინტეგრაცია ერთ-ერთი მთავარი თემაა ლონდონში, სადაც ქართული დელეგაცია მოლაპარაკებებს მართავს.

"წელს აღვნიშნავთ 30 წელს დიპლომატიური აღდგენისა გაერთიანებულ სამეფოსთან. 1919 წელს გაერთიანებული სამეფო იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა და ათწლეულების შემდეგ მოხდა უკვე ამ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა.

ბრიტანეთის პარლამენტის სპიკერთან ხაზგასმით გვქონდა საუბარი რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, კერძოდ, უკრაინაში არსებულ ვითარებაზე და საქართველოს პარლამენტის მტკიცე მხარდაჭერაზე," - ამბობს შალვა პაპუაშვილი.

ქართული დელეგაციის ბრიტანეთში ვიზიტის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის სპიკერმა, სერ ლინდსი ჰოილიმ.

"დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დელეგაცია იმყოფება ჩვენთან სტუმრად. ჩემთვის დიდი პატივია, ვუმასპინძლო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს. ჩვენი მეგობრობა წლებს ითვლის, ფაქტი, რომ ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. ვისაუბრეთ საფრთხეებისა და დაშინების ფონზე, თუ როგორ შეგვიძლია ერთმანეთს დავეხმაროთ კარგი ურთიერთობების მეშვეობით," - განცხადა სერ ლინდსი ჰოილიმ.

დაგეგმილია შეხვედრები მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეებთან. მათ შორის იქნებიან საერთაშორისო საკითხებში გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, ასევე საგარეო და თანამეგობრობის ოფისის ევროპის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი. 

პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი ბრიტანეთში, ორ დღეს გაგრძელდება.

 

დღის ამბები