27 ნოემბერი 2024,   22:29
ვრცლად
კახა კალაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის, 40 000 სამგზავრო აბონემენტია გაყიდული

არსებული მდგომარეობით, 40 000 ახალი სამგზავრო აბონიმენტი არის გაყიდული. მათგან დიდი ნაწილი კი, ერთთვიანი და ერთწლიანია - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, თბილისის მერია მომავალშიც არაერთ სასარგებლო პროექტს განახორციელებს სხვადასხვა მიმართულებით.


"დღეის მდგომარეობით უკვე გაყიდულია 40 000 აბონემენტი. მათი დიდი ნაწილი მოდის ერთთვიან და ერთწლიან აბონემენტებზე, რაც ძალიან კარგია. რაც შეეხება ტარიფს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდილი მთლიანი საფასურის და მგზავრობის რაოდენობის შეფარდებით, ერთი მგზავრობის ღირებულება, დღეის მდგომარეობით, 32 თეთრი გამოდის. 

ჩვენ ვისმენთ ოპონენტების მხრიდან ძალიან ბევრ არასწორ განცხადებას ამასთან დაკავშირებით. მაქსიმალურად ცდილობენ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. საჭიროებიდან გამომდინარე, შეგიძლიათ შეიძინოთ სხვადასხვა ტიპის პაკეტები. დავტოვეთ ერთჯერადი გადახდაც, მოქალაქეს შეუძლია გადაიხადოს „მეტრომანის“ საშუალებით, ინტეგრირებულ ტარიფში შემოვიყვანეთ მიკროავტობუსიც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაფერი ერთიან სისტემაში მოვაქციეთ.

ვერანაირი თქვენი კრიტიკა ვერ შეაჩერებს ამ ყველაფერს. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებმაც ყველაზე დიდი ბოროტება ჩაიდინეთ ამ ქალაქისთვის - ქალაქს წაართვით ყველაზე მნიშვნელოვანი ტრანსპორტი - ტრამვაი, აყარეთ ლიანდაგები, გაყიდეთ, ჯართში ჩააბარეთ. თქვენ არანაირი უფლება არ გაქვთ, ისაუბროთ საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სატრანსპორტო პოლიტიკაზე. თქვენ ისტორიას დარჩებით, როგორც ადამიანები, რომლებმაც დედაქალაქს მოპარა ყველაზე ღირებული, ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ტრანსპორტი - ტრამვაი. ეს არის ძალიან დიდი უბედურება, რაც თქვენ გააკეთეთ ამ ქალაქისთვის", - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები